Site icon Civil.ge

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა


კახა კალაძე თავისი საქმიანობის შედეგების პრეზენტაციაზე, 6 ივლისი, 2017. ფოტო: კადრი ვიდეო მასალიდან facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, რომელიც ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა, დღეს ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა და თანამდებობა დატოვა. 

„ჩემთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში“, – აღნიშნა კალაძემ და, თვითმმართველობის ორგანოთა მომავალ არჩევნებში, თანაგუნდელთა და თბილისელთა მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. 

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი, [ჩემი] არჩევის შემთხვევაში, იყოს წარმატებული. მე მჯერა გუნდის თანადგომის, მე მჯერა თბილისელების თანადგომის… და ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს“, – განაცხადა კალაძემ.

თავის გამოსვლაში, კახა კალაძემ ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, მხარდაჭერისათვის და ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა.

არჩევნებში კალაძის გამარჯვების რწმენა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გამოთქვა

„ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

„დარწმუნებული ვარ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც დედაქალაქის მერობა ჰქვია, კახი წარმატებით გაართმევს თავს. მინდა, კახის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად“, – დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქართულმა ოცნებამ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად 1 ივლისს წარადგინა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

კახა კალაძე, რომელმაც იტალიური საფეხბურთო კლუბის „მილანის“ შემადგენლობაში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო, 2011 წელს შეუერთდა იმ დროს ოპოზიციაში მყოფ ქართულ ოცნებას – დემოკრატიულ საქართველოს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ის კოალიცია ქართული ოცნების სიის სათავეში იყო. სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში გამარჯვების შემდეგ, კალაძე ახალი პარლამენტის წევრი გახდა. არჩევნებიდან მალევე ის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)