საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთის დახმარების პირობას დებენ და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, რომ 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას მათ.
ერთობლივი განცხადება, რომელიც 3 ივლისს გავრცელდა და რომელსაც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები აწერენ ხელს, აღიარებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ეფექტური და ძლიერი მექანიზმის მნიშვნელობას“.
განცხადების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეებს სწამთ, რომ „დეკლარაციაში, რომელიც 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება მიღებული, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, მათი ევროპული არჩევანისა და დღის წესრიგის ცალსახა მხარდაჭერა იქნება ასახული“.
„ჩვენ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტები მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერას ასახავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ეს ამბიციური და შორსმჭვრეტელი განცხადება ძლიერი სიგნალი იქნება ამჟამად არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იქნება შთამაგონებელი ინსტრუმენტი ევროკავშირის სამივე ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის შემდგომი პროგრესისა და დემოკრატიული გარდაქმნის დაჩქარებისთვის“, – აცხადებენ პარლამენტის თავმჯდომარეები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)