Site icon Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაბუქის საქმეზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს და ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ, დაუსაბუთებელად და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

„მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 10 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დემირელის სახელობის კოლეჯის მმართველს, თურქეთის მოქალაქეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი, საკითხის ერთთვიანი შესწავლის შემდეგ, 7 ივლისს უთხრა. ჩაბუქის ადვოკატი სამინისტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.  

არასამთავრობო ორგანიზაციები ლტოლვილთა სამინისტროს მოუწოდებენ, საქმიანობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და არ დაუშვას პროცესების „პოლიტიზირება და კანონიერი ჩარჩოდან გაყვანა“.

ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დიპლომატიური გარანტიების მიიღების თაობაზე, „საფუძვლიან ეჭვს“ აჩენს ხელისუფლების მხრიდან მომავალში დაკავებულის თურქეთში ექსტრადიციაზე, რაც „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უკიდურესი დარღვევა და სრული უგულებელყოფა იქნება“.

არასამთავრობოებს მაგალითად მოჰყავთ ის გარემოება, რომ ორგანიზაცია FETÖ-ს 59 წევრის ექსტრადიციის მოთხოვნის მიუხედავად, ევროპის ქვეყნებს 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან დღემდე არც ერთი პირი არ გადაუციათ თურქული მხარისთვის.

„მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობას, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში, რადგან ეს გადაწყვეტილება არსებითად დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ სასამრთლოს საქმე ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით განიხილოს, ხოლო პარლამენტს უზრუნველყოს საქმეზე „ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი“.

10 ივლისს, პრესკონფერენცია გამართა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა, რომელმაც ასევე „უკანონო“ უწოდა ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას და თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროსტრუქტურებს, რათა დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და არ მოხდეს დაკავებულის თურქეთში ექსტრადიცია.

ადვოკატის თქმით, თურქეთის რესპუბლიკაში მის ექსტრადიციას შესაძლოა, როგორც ამ ადამიანის, ისე მისი ოჯახის წევრების მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა მოჰყვეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მიერ იძებნება, თბილისში 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი ედება, რასაც ბრალდებული უარყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)