საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ემზადება. 2017 წლის ოქტომბერში ხუთი თვითმმართველი ქალაქი და 59 მუნიციპალიტეტი საკუთარ მერს და საკრებულოს აირჩევს.
სამმა პოლიტიკურმა პარტიამ და საინიციატივო ჯგუფმა, თბილისში, მერობის კანდიდატები უკვე წარადგინეს. 2017 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს დედაქალაქი, სადაც ქვეყნის ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, არჩევანს ოთხ კანდიდატს შორის გააკეთებს.
კანდიდატებს შორის ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები არიან.
მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ მთავარი პრიორიტეტი სოციალური ფონის გაუმჯობესება, ქალაქის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ურბანული დაგეგმარება და ეკოლოგიური საკითხების მოგვარება იქნება.
საარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება, თუმცა მერობის ზოგიერთი კანდიდატი ამომრჩეველს უკვე აქტიურად ხვდება და დედაქალაქის პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვებს აცნობს.
ელენე ხოშტარია, მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო
ელენე ხოშტარია. ფოტო: www.facebook.com/tbilisimayor/
ევროპული საქართველო პარტიებს შორის პირველი იყო, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა. პარლამენტის წევრმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც 2007-2012 წლებში – ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის სათავეში იყო, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ევროპული საქართველოს დამფუძნებელ ყრილობაზე, 2017 წლის 27 მაისს განაცხადა.
ხოშტარიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 14 ივლისს გამართა. პროგრამა ეკონომიკურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გაზრდას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნასა და ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ამ მხრივ, ხოშტარია განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო მაგისტრალის გადატანას და ე. წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულებას ანიჭებს.
კამპანიის ფარგლებში, ელენე ხოშტარიამ უკვე მიიღო მონაწილეობა თბილისის სხვადასხვა რაიონში გამართულ რამდენიმე შეხვედრაში, სადაც მისი პროგრამა და თბილისის საკრებულოში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
ხოშტარია ამომრჩევლის მოზიდვას განსხვავებული მეთოდებით და უშუალობის დემონსტრირებით ცდილობს: თბილისში არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების წარმოსაჩენად, სხვადასხვა ექსპერიმენტში მონაწილეობს, რასაც ვიდეოს სახით ფეისბუქზე აქვეყნებს.
ზაალ უდუმაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ზაალ უდუმაშვილი. ფოტო: www.facebook.com/zalikoudumashvili/
ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო გადაცემის „კურიერის“ წამყვანი იყო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერის კანდიდატად 26 ივნისს დაასახელა.
მედიაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილების მქონე ზაალ უდუმაშვილმა, წარდგენისას, ხაზი გაუსვა, რომ ის „გაბრაზებული თბილისელების“ კანდიდატი იქნება.
„ცოტა ხანში წარვადგენ პროგრამას, სადაც პუნქტობრივად იქნება გაწერილი, რომელ პრობლემას როგორ უნდა მივხედოთ. და ეს არ იქნება პროგრამა, აგებული ოცნებებზე. ეს იქნება პროგრამა კონკრეტულ, რეალურ საქმეებზე“, – 12 ივლისს განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მან ძირითადი ყურადღება დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე – სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ინფრასტრუქტურაზე, უკანონო მშენებლობებზე, ავარიულ კორპუსებზე, საცობებსა და ეკოლოგიაზე – გაამახვილა.
უდუმაშვილი აქტიურად ხვდება თბილისის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენაში მონაწილეობს.
უდუმაშვილის კანდიდატურის შესახებ კომენტარი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა. ყოფილმა პრეზიდენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მისი კონკურენტებისგან რამდენიმე ნიშნით გამოარჩია და შემდეგნაირად დაახასიათა: „[უდუმაშვილს] მართლა ეტყობა განათლება და კულტურა, არ ეშლება სიტყვა-პასუხი, და პოლიტიკაში სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს, და მესამე, რა თქმა უნდა, მის უკან დგას უზარმაზარი ინსტიტუციური გამოცდილება“.
კახა კალაძე, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
კახა კალაძე. ფოტო: www.facebook.com/kakhakaladzeofficial/
მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, დედაქალაქის მერობის კანდიდატი 1 ივლისს წარადგინა. თბილისის მერობისთვის იბრძოლებს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, რომელიც, ქართულ ოცნებას 2011 წელს, 20-წლიანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შეუერთდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კალაძე კოალიცია ქართული ოცნების სიის სათავეში იყო. სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში გამარჯვების შემდეგ, კალაძე ახალი პარლამენტის წევრი გახდა. არჩევნებიდან მალევე, მან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დაიკავა.
წარდგენისას, კალაძემ აღნიშნა, რომ „ხალხი ელოდება განახლებას“ და განაცხადა: „ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომელიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ორიენტირებული და მორგებული“. კალაძემ პრიორიტეტებს შორის სოციალური საკითხები, გარემოს დაცვა, საგზაო მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა.
ტელეკომპანია პირველის გადაცემა „რეაქციის“ ეთერში, 4 ივლისს, კალაძემ ისაუბრა ქართული ოცნების მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტებზე, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია, ქართული ოცნებაა. მისივე თქმით, თბილისის განვითარების მიზნით „საკმაოდ ამბიციური გეგმები“ აქვს.
კახა კალაძეს აქტიური საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია, თუმცა მედიაში გავრცელდა ცნობები თბილისის რაიონული გამგეობებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებთან მისი შეხვედრის თაობაზე. ეს ფაქტი მერობის სხვა კანდიდატებმა – ზაალ უდუმაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ალექსანდრე ელისაშვილმა გააკრიტიკეს.
ალექსანდრე ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი
ალექსანდრე ელისაშვილი. ფოტო: www.facebook.com/AlexanderElisashvili/
თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია. დედაქალაქის მერის პოსტზე საინიციატივო ჯგუფმა იგი 11 ივლისს, ძველ თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე წარადგინა.
ალექსანდრე ელისაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიასა და რადიოში ჟურნალისტად მუშაობდა. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 2014 წელს კი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა საბურთალოს ერთ-ერთი საარჩევნო ოლქიდან. ელისაშვილი ასევე იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, რომელიც დედაქალაქის ისტორიული იერსახის, მათ შორის, გუდიაშვილის მოედნის, შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
წარდგენისას, ელისაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არ ექვემდებარება არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან მსხვილი ბიზნესის გავლენას და დადო პირობა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება.
„მე ხელისუფლებაზე გამარჯვების გამოცდილება მაქვს. ბევრს დაავიწყდა, რომ სამი წლის წინ, საბურთალოზე, მე და ჩემმა ამომრჩევლებმა ერთად დავამარცხეთ ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც. ასე რომ, მე ვიცი როგორ მივაღწიო გამარჯვებას ხალხთან ერთად“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი საკამათო საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)