კვირიკაშვილი ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართავს, 18 ივლისი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
18 ივლისს საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბოლო ამბასადორიალის შემდეგ საქართველოს დიპლომატიური მიღწევები შეაფასეს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
„თანამედროვე საერთაშორისო გარემო რთული და სწრაფად ცვალებადია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის შესავალ სიტყვაში. „მსოფლიოში სულ უფრო თვალშისაცემია რეგიონული ძალების გავლენის ზრდა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საგრძნობლად გაზრდილია პოპულისტური განწყობები, ასევე არალეგალური მიგრაციისა და საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეები. საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად იზრდება რბილი ძალის როლი“, – განაცხადა მან.
ეს გამოწვევები, განაგრძო მან, „დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასია – შავი ზღვის რეგიონზე“. „რეგიონის მასშტაბით მოუგვარებელი და აქტიურ ფაზაში მყოფი კონფლიქტების არსებობა ტოვებს საფრთხეს, რომ გავლენის სფეროების აღდგენა-გაფართოების მიზნით კვლავაც ძალისმიერი მეთოდები იქნას გამოყენებული“, – მიმართა ჯანელიძემ ელჩებს.
ოკუპაცია/რუსეთთან ურთიერთობები
ოთხივე გამომსვლელმა დიდი ყურადღება დაუთმო კრემლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე, რეგიონული სტაბილურობისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ელჩებს ჯანელიძის შემდეგ მიმართა, განაცხადა, რომ იმ დაპირისპირებამ, რომელიც საქართველოს ჰქონდა სეპარატისტული რეგიონების არაღიარების კუთხით, „გადაიარა ქართული დიპლომატიის მხრებზე და თქვენ ეს დაპირისპირება პირწმინდად მოიგეთ“.
პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის „მუდმივ მცდელობას, რომ სირთულეები შეუქმნას საქართველოს, აუარესებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს რეგიონში“. „ამ თვალსაზრისითაც ძალიან ნათლად უნდა გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან ეს არ არის მხოლოდ 2008 წელს დაწყებული პროცესი, რომ ეს 90-იანი წლებიდან დაწყებული პროცესია, როდესაც საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევნის მიმართულებით“, – მიმართა მარგველაშვილმა ელჩებს.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, განაცხადა მარგველაშვილმა, საქართველომ „აირჩია ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება: პირველი, ეს არის სტრატეგიული მოთმინება, რომელიც საბოლოოდ ჩვენ მშვიდობიანად მიგვიყვანს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ, რომ ამ სირთულეებმა რამენაირად შეაჩეროს საქართველოს შემდგომი განვითარება“.
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავაც რჩება საქართველოს განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად“.
„სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას. ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი“, – განაცხადა მან.
კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასევე შეეხო ამ საკითხს და აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
„მხოლოდ დემოკრატიული მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერით და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით იქნება შესაძლებელი შევაკავოთ აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დავასრულოთ ჩვენი მიწების ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ნაწილების მცოცავი ანექსია, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სამუდამოდ დავუმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და დემოკრატიული ქვეყნების გვერდით“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
თავის შესავალ სიტყვაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე და აღნიშნა, რომ „ეს დიდი მიღწევა“ საბოლოოდ გულისხმობს „საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას“, რისთვისაც საქართველოს მთავრობას ამბიციური სამოქმედო გეგმა აქვს.
მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ალიანსის მხრიდან აქვს „ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა“.
ამ საკითხს ასევე შეეხო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც „საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაშია“.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ გასულმა წელმა „კიდევ უფრო უალტერნატივო გახადა საქართველოს ევროპული გზა“. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კურსს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ემხრობა და ამიტომ „ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად, არის ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მაღალი მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულება“.
კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „გარდამავალმა პერიოდმა ძალზე პროდუქტიულად ჩაიარა საქართველოსთვის“. „ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს უახლოეს მომავალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში სტუმრობა“, – დასძინა მან.
რეგიონული თანამშრომლობა
საქართველოს ლიდერებმა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს, რომლის დროსაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როგორც იმ ქვეყნის როლს, რომელიც ყველა თავის მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ ისწრაფვის.
„საქართველოს არის ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციას თავის ფუნქციაში, სახელმწიფოსი, რომელიც აერთებს ევროპულ და აზიურ ბაზრებს, როგორც სახელმწიფოსი, რომლის შემადგენლობით და მხარდაჭერითაც წყდება ბევრი ეკონომიკური და ენერგეტიკული პრობლემა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს სატრანზიტო როლზე მიხეილ ჯანელიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, „თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანზიტო კორიდორს წარმოადგენს, რაც რეგიონის ქვეყნებს მდგრადი ეკონომიკური განვითარების კარგ პერსპექტივას უქმნის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)