Site icon Civil.ge

არასამთავრობოები: ეკლესიის შესახებ კვირიკაშვილის განცხადებები „უპასუხისმგებლოა“

რვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელშიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ შედიან, 25 ივლისს გაავრცელა ერთობლივი წერილი, რომელშიც გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 23 ივლისს გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა“. 

ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრო, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს სახელმწიფო „ერთმანეთში გადაწნულია“ და დასძინა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს და ეკლესიის „დამოუკიდებელობისა“, „საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა“.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს ერში არსებობს [ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის] მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია და ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

25 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ „კონსტიტუციურ სეკულარიზმს აქვს მხოლოდ ერთი გაგება და შინაარსი, რაც გულისხმობს სასულიერო და საერო ხელისუფლების გამიჯვნასა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას“.

„სეკულარობის პრინციპი აუცილებელი პირობაა თანამედროვე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და სამართლებრივი წესრიგის ქვაკუთხედს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მისი ევროატლანიკური ინტეგრაცია „შეუძლებელია“ სეკულარიზმის გარეშე, რომელიც არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს ორივე მხარეს: სახელმწიფოს – სასულიერო პირების გავლენისგან და, პირიქით, ეკლესიას – სახელმწიფოს ჩარევისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ პრემიერ-მინისტრმა, თავისი განცხადებებით, „ეჭვქვეშ დააყენა როგორც საქართველოს სამართლებრივი წესრიგი, ასევე უმნიშვნელოვანესი ისტორიული და სამართლებრივი ღირებულებები“ და მოუწოდეს კვირიკაშვილს, „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის ძირეული პრინციპები და რელიგიური ნეიტრალიტეტი“.
 
პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განცხადებებმა ოპოზიციური პარტიების კრიტიკაც დაიმსახურა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, რომელმაც 24 ივლისს სპეციალური ბრიფინგი გამართა, პრემიერ-მინისტრის განცხადებებს „სახიფათო და ანტიკონსტიტუციური“ უწოდა.

„ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს სწორედ ინსტიტუციური სეკულარულობა წარმოადგენს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანია, ხოლო პრემიერ-მინისტრს არ აქვს მანდატი, ეჭვქვეშ დააყენოს ეს არჩევანი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სამნიძემ. 
 
„დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში ქვეყნის არცერთ პირველ პირს არ გაუკეთებია მსგავსი შინაარსის არაკონსტიტუციური განცხადება“, – აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრმა „სასწრაფოდ უნდა გვიპასუხოს, თუ რატომ გასცდა ის კონსტიტუციას“.
 
პრემიერ-მინისტრი ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამაც გააკრიტიკა.
 
„[ეს განცხადებები] აახლოებს საქართველოს ან რუსეთთან, სადაც პირდაპირ დაქვემდებარებულია ეკლესია, ან აღმოსავლეთის ფუნდამენტალისტურ სახელმწიფოებთან“, – აღნიშნა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.
 
„ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება იქნებოდა მისი გადადგომის და იმპიჩმენტის საგანი“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)