რუსეთის პატრიარქი კირილე და ანატოლი ბიბილოვი, 25 ივლისი, 2017. ფოტო: presidentruo.org
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „ახალარჩეული“ ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, 25 ივლისს, მოსკოვში მიიღო.
რუსეთის საპატრიარქოს თანახმად, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა „სამხეთ ოსეთში რელიგიის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, რუს და ოს ხალხებს შორის ურთიერთობა და ორმხირივი ინტერესის სხვა საკითხები განიხილეს“.
საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა კირილემ რეგიონის ახალ ლიდერს აპრილში გამართლ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა.
ბიბილოვის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა ცხინვალში რუსული მართლამდიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძრის მიმდინარე მშენებლობის საკითხები, ასევე – რეგიონის მკვიდრთათვის რუსეთის სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში სწავლების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ, ბიბილოვმა განაცხადა, რომ მისი მიზანია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობების გაღრმავება და დასძინა, რომ „მართლმადიდებლობა – რესპუბლიკის ძირითადი რელიგიაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ მის გაძლიერებაზე“.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა, Civil.ge-ს განუცხადა, რომ რუსეთის საპატრიარქო აქამდე ყოველთვის აღიარებდა ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ნაწილად.
„რუსეთის ეკლესიამ რამე ქმედება რომ განახორციელოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, ამისათვის საჭიროა ჯერ მიმართოს საქართველოს საპატრიარქოს და მისგან აიღოს ნებართვა“, – დასძინა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)