Site icon Civil.ge

პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კანონმდებლობის საკითხებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, 26 ივლისს, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გიორგი მარგველაშვილმა სამ კანონპროექტს ვეტო  21 ივლისს დაადო.

პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც შვიდი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს; ასევე –  საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ორ ცვლილებას, რომელთაგან ერთი – საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიათა წარმომადგენლების დანიშვნის ახალ წესს ადგენს, ხოლო მეორე – მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობას ახლებურად განსაზღვრავს.

მოტივირებულ შენიშვნებში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვიდი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა „ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე – ადგილობრივი თვითმმართველობის ფუძემდებლურ პრინციპებს“. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მომიჯნავე თემებთან თვითმმართველი ქალაქების გაერთიანება მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას და თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას აუარესებს. 

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ შენიშვნებში, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები „ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას და არჩევნების მართვის პროცესში პოლიტიკურ პლურალიზმს“; მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის განსაზღვრის ახალი წესი კი – ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქების „სამართლიან წარმომადგენლობას“ და „კიდევ უფრო მეტ უთანასწორობას აჩენს ხმათა თანაბარწონადობის საკითხთან მიმართებაში“. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის, ასევე – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შორის ცხარე პოლემიკის ფონზე წარიმართა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე გააწყვეტინა სიტყვა ანა დოლიძეს, რომელიც პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენდა. 

მოგვიანებით, აღნიშნულის კომენტირებისას, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ეს იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან „ჩვენი კონსტიტუციით დაწესებული ხელისუფლებათა დანაწილების სისტემაზე იერიშის მიტანის მცდელობა“. 

პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა. მისი თქმით, მარგველაშვილის შენიშვნებში „არგუმენტების აბსოლუტური დეფიციტი“ და „პოლიტიკური მიკერძოება“ ვლინდება. „აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ პირვანდელ კანონპროექტს და დავძლიოთ პრეზიდენტის ვეტო“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს.

მომიჯნავე მუნიციპალიტეტებთან შვიდი თვითმმართველი ქალაქის – მცხეთის, თელავის, გორის, ახალციხის, ამბროლაურის, ზუგდიდისა და ოზურგეთის – გაერთიანების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების თარიღს გამოაცხადებს. 

თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, აღნიშნული ქალაქების მოსახლეობა მონაწილეობას უკვე გაერთიანებული მუნიციპალიტეტების ხელისუფლების არჩევნებში მიიღებს.

საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების წარმომადგენელთა დანიშვნის ახალი წესი კი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები სავარაუდოდ 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)