სამართალდამცავი ორგანოები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მომხდარი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. დაკითხულია ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი.
„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი 26 ივლისს, ღამის 12:00 საათისთვის, გაჩნდა. ცეცხლი სტუდიების პავილიონს და იქ არსებულ დეკორაციებს წაეკიდა. ხანძრის გამო, ტელეკომპანიის მაუწყებლობა მცირე ხნით შეფერხდა. მეხანძრეებმა ცეცხლი რამდენიმე საათში ჩააქრეს.
„დამწვარი არის დეკორაციის ნაწილი, რამდენიმე ძველი სკამი, ე.წ. კერხერი და კომპრესორი“, – ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა ერთ-ერთმა მეხანძრემ. შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანახმად, მეხანძრეთა ოპერატიულობის შედეგად, „300-400 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საწყობში ცეცხლი მხოლოდ 40 კვადრატულ მეტრამდე გავრცელდა“.
27 ივლისს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა „კომპიუტერული ტექნიკის ნაწილი, დეკორაციები, განათებები და ელექტროხელსაწყოები“. ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად, ტელეკომპანიამ კერძო აუდიტორული კომპანია დაიქირავა.
გვიან ღამით, ხანძრის გაჩენიდან მალევე „რუსთავი 2“-ის შენობასთან ტელეკომპანიის მაყურებლები და პოლიტიკოსები, მათ შორის, თბილისის მერობის კანდიდატები – „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი, მივიდნენ.
მერობის კანდიდატებმა ხანძრის მიზეზების გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)