ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რეგიონის ქართულ სკოლებში, 2017-2018 სასწავლო წლიდან, ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას გეგმავს.
სამხრეთ ოსეთის „განათლების მინისტრის მოადგილემ“, ელისო გაგლოევამ 26 ივლისს განაცხადა, რომ „განათლების სამინისტრომ დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები, ქართულ სკოლებში სწავლების რესპუბლიკის სტანდარტებზე გადასაყვანად“.
„ეს ნიშნავს, რომ სასწავლო გეგმაში რუსული და ოსური ენების კომპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება და მოსწავლეები ყველა საგანს რუსულად ისწავლიან“, – აღნიშნა გაგლოევამ და დასძინა, რომ ეს ცვლილება – ახალგორის რაიონში მოქმედ ექვს, და საჩხერისა და ქარელის რაიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თითო ქართულ სკოლას შეეხება.
ცვლილების შედეგად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები მშობლიურ ენას ცალკე საგნად ისწავლიან.
სამხრეთ ოსეთის „ახალარჩეული“ ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი 9 ივნისს ეწვია ახალგორის რაიონს, სადაც უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ ზოგიერთ ადგილობრივ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს და შესაბამის მოხელეებს რეგიონის საერთო სტანდარტზე ქართული სკოლების გადაყვანა დაავალა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეს გადაწყვეტილება ნაწილია საერთო ტენდენციისა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზეც ვითარდება. რუსულ ენაზე სწავლება გალის რაიონის ქართულ სკოლებშიც გადავიდა. აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გალის რაიონში, სადაც 31 ქართული სკოლა ფუნქციონირებას 1992-93 წლების ომის შემდეგაც განაგრძობდა, უკანასკნელ 11 ქართულ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება 2015 წლის სექტემბერში გაუქმდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)