Site icon Civil.ge

მაიკ პენსმა საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და რუსული ოკუპაცია დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, ასევე აშშ-ის მეთაურობით საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნების – „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

ვიზიტის მეორე დღეს, 1 აგვისტოს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ორმხრივი მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართა და მასთან ერთად ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები განიხილა.
მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოსადმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი: „ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ“. „ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მეგობრობით და სტრატეგიული პარტნიორობით“, – აღნიშნა პენსმა და დასძინა, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ ნიშნავს „მხოლოდ ამერიკას“.
თავის გამოსვლაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უსაფრთხოების საკითხებში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო „ამერიკის შეერთებული შტატების საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს“. „არსად ისე არ იგრძნობა ჩვენი მჭიდრო კავშირები, როგორც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა პენსმა და დასძინა, რომ „2004 წლის შემდეგ, ათასობით ქართველი კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში ამერიკელების მხარდამხარ მსახურობდა“.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპაციას და განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ყოველთვის შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამ ურყევი პრინციპის ხელყოფას შეეცდება“, – განაცხადა მაიკ პენსმა. 
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვიცე-პრეზიდენტი პენსი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ ის და პრეზიდენტი ტრამპი „მხარს უჭერენ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“. „როგორც პრემიერ-მინისტრსაც ვუთხარი, შთამბეჭდავია, რომ საქართველო უკვე გადაჭარბებით ასრულებს ნატოს ამოცანას, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი თავდაცვაზე მიმართოს“, – დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ნატოში ინტეგრაციის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა „ღირსეული პარტნიორის“ სახელწოდებით მიმდინარე სამხედრო წვრთების მონაწილეებისადმი მიმართვისასაც ისაუბრა. „ჩვენ ვდგავართ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ თქვენს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისაკენ“, – მიმართა პენსმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეკრებილ რამდენიმე ასეულ ქართველ და ამერიკელ სამხედროს.  
„ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია როგორც არასდროს და ეს ერთობლივი წვრთნები ამ პარტნიორობის განვითარებისადმი ჩვენი ერთგულების რეალური მაგალითია“, – განაცხადა პენსმა და დადო პირობა, რომ ამერიკა „იდგება საქართველოს გვერდით, რათა გააძლიეროს მისი თავდაცვისუნარიანობა და დემოკრატია და ხელი შეუწყოს ევროპასა და შეერთებულ შტატებთან მეგობრული კავშირების გამყარებას“.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, თავისუფალი დემოკრატებისა და მოძრაობა შენებისათვის წარმომადგენლებს შეხვდა. მაიკ პენსმა ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, და მოინახულა სიონის საკათედრო ტაძარი, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, შეხვდა. 
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია. საქართველომდე, პენსი ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოდან მონტენეგროში გაემზავრა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)