რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.
მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
5 აგვისტო:
- სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებული ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს მიმართულებით 01:30 საათიდან 06:30 საათამდე წარმოებული სროლების შედეგად, ორი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა.
- „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა“, დიმიტრი მედოევმა, განაცხადა, რომ რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში „მოხალისეთა“ პირველი ჯგუფები უკვე ჩავიდნენ. ამავდროულად, დონის კაზაკების წარმომადგენელმა, ვლადიმირ ვორონინმა, განაცხადა, რომ, სამხრეთ ოსეთში გასაგზავნად, სამხრეთ რუსეთში მიმდინარეობს მოხალისეთა რაზმების ფორმირება.
- საქართველოს დაზვერვა იტყობინება, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის 33-ე მოტომსროლელი ბრიგადის ელემენტები განალაგეს, ხოლო როკის გვირაბთან, რუსეთის მხარეს 135-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკებია განლაგებული.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოდის მოწოდებით, საქართველომ და რუსეთმა განახორციელონ ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე როკის გვირაბის ერთობლივი მონიტორინგი.
- რუსეთის წინააღმდეგობის გამო, ისრაელმა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა შეაჩერა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)