გიორგი კვირიკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 8 აგვისტო, 2017. ფოტო: gov.ge
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის წლისთავზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ, რათა ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისთვის პატივი მიეგოთ.
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, რომელსაც მთავრობის წევრებიც ახლდნენ თან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „8 აგვისტო არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე“. „მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის“, – განაცხადა მან.
„რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში მშვიდობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ“.
თავის განცხადებაში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აფხაზ და ოს მოსახლეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველების, აფხაზებისა და ოსებისთვის“.
„ეს ომი იყო ყველას ტრაგედია“, განაგრძო პრემიერმა, „ამიტომ, ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ვუთხრათ სათქმელი და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს“.
„ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს“, – დასძინა კვირიკაშვილმა.
ანალოგიური გზავნილი გააკეთა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის თქმითაც „დღევანდელმა დღემ უნდა შეგვახსენოს, რომ აღარ დავუშვათ ომი და აღმოვფხვრათ დაპირისპირება დიალოგისა და შერიგების გზით“.
„ოკუპაციიდან 9 წლის თავზე საქართველოს ტერიტორიაზე გადის კილომეტრობით მავთულხლართები, რომელიც ათასობით ადამიანს უმძიმეს პრობლემებს უქმნის ყოველდღიურად“, – განუცხადა ციხელაშვილმა ჟურნალისტებს.
„დღეს უნდა დავინახოთ ომის უმძიმესი შედეგები და გავაცნობიეროთ, რომ გადაუჭრელი კონფლიქტი არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესებს არ ემსახურება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით, მავთულხლართების იზოლაციაში მოქცეული საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ერთად ვიმოძრაოთ მშვიდობისაკენ, განვითარებული მომავლისკენ“.
გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 8 აგვისტო, 2017. ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კვირიკაშვილის შემდეგ მივიდა ძმათა სასაფლაოზე, განაცხადა, რომ „9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია“.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპაცია ბევრად უფრო ადრე, 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, როდესაც „ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ კაცობრიობის წინაშე განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა“.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო მეგობრობა არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ ავტომატიან, „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის“.
„არასდროს არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას. არასდროს, არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები, მოგონილი საზღვრები არ გაყოფს მთლიანობას და ურყეობას ჩვენი ქვეყნისა“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია“.
„მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩვენს დევნილ მოსახლეობას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენს სიმტკიცეში და ურყეობაშია“, – განაცხადა მან. „საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე და ასე იქნება! ამით ჩვენ მივაღწევთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს სუვერენიტეტს“.
8 აგვისტოს სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეები ასევე მივიდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)