Site icon Civil.ge

აშშ რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

„ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში, შეუსაბამოდ მიიჩნევს იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომლის მხარე რუსეთიცაა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას, 8 აგვისტოს, ბიჭვინთაში შეხვდა და მოსკოვსა და სოხუმს შორის თავდაცვის, პოლიციის, ეკონომიკის და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილა.

„აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები „მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, აღიარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)