რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.
მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
14 აგვისტო:
- Human Rights Watch-ის მკვლევარები ოსი მებრძოლების მიერ ქართული სოფლების „განადგურების და ძარცვის საშინელი სურათის“ შესახებ იტყობინებიან.
- რუსეთის სამხედრო ძალები სენაკის ქართულ სამხედრო ბაზას ძარცვავენ.
- რუსმა სამხედროებმა და ოსმა მებრძოლებმა გორის მიდამოებში დღის განმავლობაში რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი გაძარცვეს.
- რუსი სამხედროები ფოთში განაგრძობენ საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის განადგურებას.
- 14:00 საათზე გორში დამატებითი რუსული სამხედრო ძალები შედიან.
- გაეროს სტრუქტურები და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერ შედიან ყოფილ კონფლიქტის ზონაში, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში.
- 15:40 საათზე რუსი სამხედროები რამდენიმე ქართველ პოლიციელს ძარცვავენ და ქარელის რაიონის სოფელ დოღლაურის მახლობლად მათ მანქანას იტაცებენ.
- ვრცელდება ინფორმაცია გორის და ქარელის რაიონების სოფლებში ოსი მებრძოლების მიერ განხორციელებული ძარცვის შესახებ.
- 17:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს გორის მახლობლად პირდაპირი ჩართვის დროს ტყვია ხვდება და იჭრება.
- თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ თბილისში ჩამოდის და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „უნდა შენარჩუნდეს“.
- საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მიერ დსთ-ის დატოვების თაობაზე.
- აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი აცხადებს ომთან დაკავშირებით, რომ რუსეთს საქართველოს დასჯა სურს, რადგანაც ის დასავლეთთან ინტეგრაციას შეეცადა და რომ პუტინს სურს დაიმკვიდროს რუსეთის ტრადიციული გავლენის სფერო.
- პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო და დიპლომატიური მანევრირების გზით აშანტაჟებს საქართველოს, რათა აიძულოს ის მიიღოს „მიუნჰენის ტიპის გარიგება“ – იგი 1938 წლის შეთანხმებას გულისხმობდა, რომელმაც საშუალება მისცა ნაცისტურ გერმანიას ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ანექსია განეხორციელებინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)