რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.
მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
15 აგვისტო:
- ცხინვალის ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ოსმა მებრძოლებმა ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში „ყველაფერი გაანადგურეს“ და რომ ეთნიკურ ქართველებს საკუთარ სოფლებში დაბრუნების უფლებას არ მისცემენ.
- ცხინვალის „პარლამენტის თავმჯდომარე“ ზნაურ გასიევი ეუბნება რუს ჟურნალისტებს: „ომი აღარ დაიწყება. ვიცი, საშინელი რამ ჩავიდინეთ, მაგრამ ქართველები აღარ დაბრუნდებიან უკან – მათ დასახლებებში ყველა მათი სახლი გადავწვით“.
- რუსული სამხედრო ძალები განაგრძობენ გორის ოკუპაციას და ქართულ პოლიციას ქალაქში არ უშვებენ.
- ოსი მებრძოლები ქარელის რაიონში ჟურნალისტს ძარცვავენ; ფოთში რუსი სამხედროები კიდევ ორ ჟურნალისტს აკავებენ ხანმოკლე დროით.
- Human Rights Watch-ი ადასტურებს, რომ რუსეთმა ომის დროს დასახლებულ ადგილებში კლასტერული ბომბები გამოიყენა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოყვა.
- დაახლოებით 15:30 საათისთვის რუსული სამხედრო ვერტმფრენები ბორჯომის ტყეებს ცეცხლს უხსნიან, რასაც მასშტაბური ხანძარი მოყვა.
- რუსი სამხედროები ფოთში საქართველოს სანაპირო დაცვის შენობებს და ხომალდებს ძარცვავენ და ანადგურებენ.
- 18:30 საათზე რუსი სამხედროები ავტომაგისტრალზე აღმოსავლეთით იწყებენ სვლას. სოფელ იგოეთთან ისინი ჩერდებიან და საგუშაგოს ხსნიან.
- დაახლოებით 21:00 საათისთვის რუსი სამხედროები ხაშურში ხსნიან საგუშაგოს.
- გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში წევრობის მიმართ პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თბილისს სტუმრობს. პრეზიდენტი სააკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის დასავლეთის მხარდაჭერის ნაკლებობაზე საუბრობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)