Site icon Civil.ge

ორმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები წარადგინა

ორმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ – დემოკრატიულმა მოძრაობამ და თავისუფალმა საქართველომ – 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები წარადგინა. თბილისის მერობისთვის თავისუფალი საქართველოს თამჯდომარე, კახა კუკავა, იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი დემოკრატიული საქართველოს წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, იქნება. 

ადგილობრივი არჩევნებისათვის ორი პარტიის გაერთიანების შესახებ დღეს დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, განაცხადა. საარჩევნო კანდიდატების წარდგენამდე, მან ისაუბრა ახალი ოპოზიციური გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს „საქართველოს ხვალინდელი დღისათვის“. „ამ არჩევნებით და რეალური ცვლილებებით უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება“,  – აღნიშნა დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური ძალების ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „მხოლოდ ოპოზიციის ერთიან კანდიდატს შეუძლია დაამარცხოს ხელისუფლება: როგორც მინიმუმ, მიაღწიოს მეორე ტურს, ხოლო მეორე ტურში კი გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ. მანვე წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა ძალებმა წინ დააყენეს პარტიული ინტერესები და უარი თქვეს გაერთიანების შესახებ მიმდინარე კონსულტაციებზე.

კახა კუკავასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის წარდგენისას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „ეს ორი ადამიანი, თავიანთ თანაგუნდელებთან ერთად, შექმნიან იმ გუნდს დედაქალაქში, რომელიც მიხედავს ქალაქს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სწორედ ხალხს ემსახურონ და არა არაფორმალურ მმართველობას“.

„ჩვენ უკვე გვაქვს ერთად ბრძოლის გამოცდილება, როდესაც 2011 წლის 26 მაისს ერთად ვიდექით რუსთაველის გამზირზე და მაშინ ჩვენი ბრძოლა გამოდგა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფურცელი წინა ხელისუფლების დასრულებაში“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც შევიტანთ გადამწყვეტ წვლილს დღევანდელი მახინჯი კოაბიტაციური სისტემის დასრულებაში“, – აღნიშნა თავისუფალი საქართველოს ლიდერმა.

კუკავას თქმით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარუდგენენ „ეროვნულ ღირებულებებზე“ დაფუძნებულ პროგრამას, რათა ამომრჩეველს „ჰქონდეს რეალური არჩევანი არა ლიბერალურს და ლიბერალურს, არამედ ლიბერალურ და ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის“. ახალ „ეროვნულ პროგრამაში“, კუკავას თქმით, იქნება „როგორც ეკონომიკის, ისე არალეგალური იმიგრაციის და ბევრ სხვა სფეროში ძალიან ბევრი, ახალი და ნოვატორული წინადადება“.

დემოკრატიული მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს გარდა, ამ დროისათვის თბილისის მერობის კანდიდატები დასახელებული აქვს კიდევ ხუთ პოლიტიკურ პარტიას და ერთ საინიციატივო ჯგუფს.

მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კახა კალაძე, წარადგინა; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „კურიერის“ წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი დაასახელა; ევროპული საქართველოს სახელით, თბილისის მერობისთვის პარლამენტის წევრი, ელენე ხოშტარია იბრძოლებს. შენების მოძრაობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება. პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი, წარადგინა. 

არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს თბილისის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი საკამათო საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

 

This post is also available in: Русский (რუსული)