Site icon Civil.ge

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება


ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში ხანძარს აქრობს, 22 აგვისტო, 2017. ფოტო: Eana Korbezashvili / Civil.ge

ასობით მეხანძრე-მაშველი განაგრძობს ხანძართან ბრძოლას, რომელიც 20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მახლობლად გაჩნდა და ათობით ჰექტარ ტყის ფართობს მოედო.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად, „ცეცხლის არეალი საგრძნობლად შემცირებულია“.  

ადგილზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი. 23 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ჩავიდა.

ბოლო ორი დღის მანძილზე, ხანძრის ქრობაში ჩაერთო ორი ქართული, ორი თურქული, ერთი აზერბაიჯანული და ერთი ბელორუსული ვერტმფრენი, ასევე თურქეთიდან გამოგზავნილი სამაშველო თვითმფრინავი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობს 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან. 


სახანძრო მანქანები ბორჯომის ტყეში, 22 აგვისტო, 2017. ფოტო: Eana Korbezashvili / Civil.ge

გუშინ საღამოს, კიდევ ერთი ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში გაჩნდა. მისი ჩაქრობა გვიან ღამით სრულად მოხერხდა.

ბორჯომისა და ატენის ხეობებში გაჩენილ ხანძართან საბრძოლველად, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანება გასცა.

ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები მონაწილეობდნენ. მათთან ერთად, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, და გენერალური შტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)