Site icon Civil.ge

მუსტაფა ემრე ჩაბუქს პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუგრძელდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დემირელის სახელობის კოლეჯის და მისი პარტნიორი სკოლების მმართველს, თურქეთის მოქალაქეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ „აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახე ვერ უზრუნველყოფს საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სათანადო ქცევას. სასამართლომ განმარტა, რომ კვლავ სახეზეა ის საფრთხეები, კერძოდ, მიმალვის საფრთხის მაღალი რისკი,  რომლის გათვალისწინებითაც  2017 წლის 25 მაისს მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეეფარდა პატიმრობა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი,  რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მიერ იძებნება, 24 მაისს  დააკავეს. მას ბრალად ედება ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი, რასაც ბრალდებული უარყოფს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრიდიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამთვიანი საექტრადიციო პატიმრობის გაგრძელება შესაძლებელია ორჯერ, თუ ამას ექსტრადიციასთან დაკავშირებული გარემოებები მოითხოვს. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასა და შესაძლო ექსტრადირებას ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ.

პარალელურად გრძელდება ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საქმის განხილვა. 7 ივლისს, საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა, რაც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. წინასწარი ინფორმაციით, ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო გახილვა ოქტომბერში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)