ჯეიმს კირჩიკი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი. ფოტო: ამერიკის ხმა
ჯეიმს კირჩიკი წიგნის „ევროპის დასასრული: დიქტატორები, დემაგოგები და ბნელი ეპოქა“ ავტორი და ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარია. ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე, მას საქართველო-რუსეთის ომის, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის და ევროპის მომავლის გარშემო ესაუბრა.
პირველი შეკითხვა 2008 წლის ომს შეეხება. ომიდან ცხრა წელი გავიდა, რუსეთი კი კვლავ განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს, სამხრეთ ოსეთის შემდეგ აფხაზეთშიც აგრძელებს. რა გაკვეთილები მივიღეთ ამ ომიდან?
2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ შეგვეძლო გაგვეთვალა ის პრობლემები, რომლებიც უკანასკნელი 9 წლის მანძილზე რუსეთთან მიმართებაში შეიქმნა. პუტინის 2007 წლის მიუნხენის გამოსვლა ძალზედ ანტიამერიკულია. შემდეგ წელს, ის იჭრება საქართველოში, რისთვისაც მოსკოვი არანაირ საფასურს არ იხდის. შემდეგ წელს, ობამას ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოდის და საქართველოში შეჭრიდან 6 თვეში რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებს. რუსეთი უფრო აგრესიული ხდება, უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვასა და პროპაგანდის ინსტრუმენტებზე. შემდეგ უკრაინის მოვლენები და ომი, და ბოლოს კი – ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ჩარევა.
მე ვფიქრობ ბევრმა ადამიანმა უკან უნდა გაიხედოს და გაანალიზოს, რომ საქართველოს მაგალითი გვაჩვენებს რუსეთის უფრო აგრესიული რეჟიმის დასაწყისს.
ჩვენ ვიხილეთ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აღმოსავლეთ ევროპაში და მათ შორის საქართველოში, სადაც მან დაადასტურა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება. ამასთანავე, პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს „მოძველებული“ უწოდა, მოგვიანებით კი ეს შეხედულება შეცვალა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის ამ ადმინისტრაციის მიერ განახლდება ნატოს გაფართხოების იდეის ლობირება?
არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ამ პრეზიდენტის პირობებში, არ არსებობს ამის სურვილი და ძალა. თუმცა სხვადასხვა ადამიანებს ამ ადმინისტრაციაში პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. თქვენ იხილეთ მაიკლ პენსის განცხადება, მისი მესიჯი პრეზიდენტისგან განსხვავდება. ძალიან რთულია დღეს ვაშინგტონში თანმიმდევრული პოლიტიკის დანახვა.
თქვენი წიგნი დასათაურებულია, როგორც „ევროპის დასასრული“. რატომ?
ეს იმ ევროპის დასასრულია, რომელსაც ჩვენ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვხედავთ. სოციალური ჰარმონია, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ლიბერალური დემოკრატია – ყველაფერი ეს გამოწვევის წინაშეა. ასევე, საქმე გვაქვს აგრესიულ რუსეთთან, რომელიც ევროპის კონტინენტზე ომს აწარმოებს და უკრაინის ტერიტორიის ძალადობრივ ანექსიას ახდენს პირველად ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.
ასევე, ვხედათ ნაციონალიზმის და პოპულიზმის აღმასვლას, რადიკალური მემარჯვენეების და ასევე რადიკალური მემარცხენეების პოპულარობის ზრდას. მაგალითად, ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტია აკონტროლებს რადიკალურ მემარცხენე სენტიმენტებს, ანტიამერიკულ მემარცხენეებს. საერთაშორისო არენაზე გვაქვს ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური გარემო, რომელიც ჩვენთვის სიახლეა. უჩვეულოა, რომ გვყავს ამერიკის მთავრობა, რომელსაც ევროპა არ აინტერესებს. შეგვიძლია ვთქვათ, ის მტრულადაც კი უდგება ევროპულ ინტეგრაციას. თავად პრეზიდენტი ტრამპი ამის მაგალითია. ყველა ეს ფაქტორი ერთად ძალიან ბნელ სურათს ქმნის.
ანუ იმედი არ უნდა გვქონდეს?
არა, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გვქონდეს. ტრამპი შეიძლება არც თუ ისე დიდი ხანი იყოს პრეზიდენტი. ვინ იცის. ანგელა მერკელი სავარაუდოდ მოიგებს არჩევნებს. ემანუელ მაკრონმა, მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში არსებული სირთულეებისა, შესაძლოა მიაღწიოს წარმატებას და გაატაროს ეკონომიკური რეფორმები.
რუსეთის ქმედებები აფხიზლებს ევროპელებს და ბევრ ამერიკელსაც აფიქრებს იმაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მოსკოვი. ამიტომ, იმედი უნდა შევინარჩუნოთ. არიან ადამიანები, რომლებიც გამოწვევებს წინ აღუდგებიან.
თქვენი წიგნის ეპიგრაფი არის ფრაზა: „ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ“, ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიურიცარცის წრიდან“. ამ წიგნში დავა ბავშვის გაყოფის გარშემოვითარდება. თუ გეოპოლიტიკური კუთხით სიმბოლურ პარალელს გავავლებთ, აღმოსავლეთ ევროპაც ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ან უფრო სწორად, დასავლეთსა და რუსეთს შორის დავის საგანია. ხშირად ამ რეგიონს განიხილავენ ძალთა ბალანსის, გავლენის სფეროების ჩარჩოში და არ აქცევენ ყურადღებას, იმ ადამიანების სურვილს, რომლებიც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ. მხედველობაში მაქვს უკრაინა და საქართველო. როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა ამ რეგიონის მიმართ?
პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო. ქვეყნებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილება, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების და თავდაცვის ალიანსებს და პოლიტიკურ ორგანიზაციებს. იქნება ეს ნატოში თუ ევროკავშირში შესვლა, ქვეყნებს აქვთ ამის უფლება და ეს არ არის მხოლოდ ამერიკის პოზიცია. რუსეთმა ხელი მოაწერა ბევრ ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვს ავალდებულებს პატივი სცეს ამ უფლებებს, იქნება ეს პარიზის ქარტია, ჰელსინკის შეთანხმება, თუ ბუდაპეშტის მემორანდუმი. ამ დოკუმენტებში, რუსეთი – ყოველ შემთხვევაში ფურცელზე – ამბობს, რომ ის პატივს სცემს ქვეყნების მიერ სუვერენული გადაწყვეტილების მიღების უფლებას. თუმცა პრაქტიკაში რუსეთი ასე არ იქცევა. ამერიკამ უნდა დაიცვას ეს პრინციპი რომელიც ფუნდამენტურია საერთაშორისო ურთიერთებში და რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყნებმა უნდა განსაზღვრონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა, თუ მათი საგარეო პოლიტიკა არავის უქმნის საფრთხეს.
მე არ მგონია გადაწყვეტილებები, რომელსაც ისეთი ქვეყნები იღებენ, როგორიცაა საქართველო, ბალტიისპირეთი ან თუნდაც რუმინეთი, საშიშროებას უქმნის რუსეთს. დასავლეთი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იქნება ეს ტერიტორიული თუ ეკონომიკური კუთხით. დასავლეთი არ ემუქრება რუსეთს. რუსეთს თუ უფრო ნაკლებად მტრული დამოკიდებულება ექნება დასავლეთთან, ეს უკეთესი იქნება მისთვის, როგორც ქვეყნისთვის.
იმ სიტუაციაში როდესაც, ევროკავშირს შიდა გამოწვევები აქვს და მოსახლეობაში ბრიუსელის მიმართ უკმაყოფილება არსებობს, გაერთიანების გაფართოებას უახლოეს მომავალში, ალბათ, ვერ ვიხილავთ. რას ფიქრობთ, რა მომავალი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობასდა გაფართოების პოლიტიკას?
რთულია ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მაშინ, როდესაც ევროკავშირი კარგ მდგომარეობაში იყო, ეკონომიკურად იზრდებოდა და მშვიდობიანი პერიოდი იდგა, მაშინაც კი გაფართოების საკითხი მიიჩნეოდა, როგორც შორეული პერსპექტივა. ახლა, როდესაც ბრიტანეთმა გაერთიანება დატოვა და ევროკავშირის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა, არ არსებობს პოლიტიკური ნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციის კუთხით რეალური ნაბიჯების დანახვა რთულია. თუმცა ეს ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ბრალიცაა და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ბრიუსელს არ ეკისრება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმრავლესობაში მოვლენები სამწუხარო მიმართულებით ვითარდება, რაც ბრიუსელისთვის რთულს ხდის ისინი ევროკავშირში მიიღოს, დემოკრატიის და ევროკავშირის საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინებით ანუ, არც თუ ისე ოპტიმისტური სურათი გვაქვს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.
საქართველოზე გადავიდეთ. იქ ოპოზიცია ორად გაიყო. ბევრის აზრით, ეს სააკაშვილის როლის გამო მოხდა. ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს სააკაშვილს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკაში?
მე ვფიქრობ, საქართველოს ისტორიაში მან ძალზედ მნიშვნელოვანი და დიდწილად პოზიტიური როლი ითამაშა, კორუფცია შემცირდა, ეკონომიკის მოდერნიზაცია მოხდა და ქვეყანა დასავლეთთან დაახლოვდა. მან თავის როლი ითამაშა და ახლა დროა სხვა რამე აკეთოს. ჩემთვის რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლია მას პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს პოლიტიკაში. ის რაც უკრაინაში მოხდა, პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს კარგი ნიშანი არაა უკრაინის დემოკრატიისთვის, როდესაც მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის არღვევს ერთი ადამიანის უფლებებს და ართმევს მას მოქალაქეობას.
მასალა Civil.ge-სთვის მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ. ამ და სხვა მასალის უფასოდ გამოყენებისათვის, გთხოვთ მიმართოთ ადამ გარტნერს.