საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოთქვამს პროტესტს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა სირიაში ვიზიტის გამო.
სამინისტრომ ვიზიტს „რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება“ უწოდა და აღნიშნა, რომ „რუსეთი უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას“.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ უფლებებს და არ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებსა“ და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამისი არხებით კომუნიკაცია უკვე შედგა.
აფხაზური დელეგაცია სირიაში 16-22 აგვისტოს იმყოფებოდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სირიის პრემიერ-მინისტრს, იმად ხამისს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ვალიდ მუალემს, ეკონომიკის მინისტრს, სამერ ალ-ხალილს, და პარლამენტის თავმჯდომარეს, ნაჯდათ ანზურს, შეხვნენ.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ თანახმად, სოხუმის წარმომადგენლებმა დამასკოსთან თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვეს და სირიის ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთში მიიწვიეს.
სირიაში ვიზიტის დროს, აფხაზური დელეგაცია დამასკოში გამართულ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას დაესწრო. ოკუპირებული აფხაზეთი გამოფენაში მონაწილეობდა საკუთარი სტენდით, სადაც წარმოდგენილი იყო მასალები ოკუპირებული რეგიონის კულტურისა და ეკონომიკის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)