ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტისათვის მზადება, ასევე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა იყო განხილვის ძირითადი თემები ბუდაპეშტში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ვიშეგრადის ჯგუფის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.
არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის დიპლომატებმა ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).
შეხვედრას ასევე ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სვენ მიკსერი, დაესწრნენ.
#EasternPartnership arrives for talks on the future w/ #V4Connects, @JHahnEU & @svenmikser. @SlovakiaMFA @MSZ_RP @CzechMFA pic.twitter.com/EdkBs97Ct5
— V4 PRESIDENCY (@V4_PRES) August 31, 2017
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში ვიშეგრადის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს „ძლიერი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის – როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების და აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროგრესის საკვანძო ფაქტორის – მიმართ“.
მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას უნდა ჰქონდეს „მკაფიო პოლიტიკური ნარატივი, ასევე – ახალი სტრატეგიული ხედვა და არქიტექტურა, რომელიც ამ ინიციატივისადმი ევროპული ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების და პარტნიორი სახელმწიფოების ერთობლივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“.
მინისტრები ასევე „შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელის დეკლარაციამ უნდა ასახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებულ სახელმწიფოებს ევროპული პერსპექტივა შესთავაზოს, ხოლო გრძელვადიანად – აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ამბიციური დღის წესრიგი შეიმუშავოს“.
მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს „ჩრდილოეთ-სამხრეთისა და სამხრეთის გაზის კორიდორების დროული განხორციელების მნიშვნელობა“ და ხაზი გაუსვეს, რომ „ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც ვიშეგრადის რეგიონის სამხრეთის გაზის კორიდორთან ინტეგრაციას, ასევე – ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის კასპიის გაზის რესურსებისადმი წვდომას უზრუნველყოფს, მთლიანად ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და საბაზრო ლიკვიდურობას გააძლიერებს“.
მინისტრებისადმი მიმართვისას, ევროკომისარმა ჰანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „ჩვენს ურთიერთქმედებაში საკვანძო მნიშვნელობას ინარჩუნებს დიფერენციაცია და საკუთრების განცდა; ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მორგებულია პარტნიორი ქვეყნების ინდივიდუალურ ამბიციებსა და საჭიროებებზე“.
.@JHahnEU at #V4 Inform. Ministerial in #Budapest:"#EaPsummit opportunity to inject new dynamism in our relations!": https://t.co/P2CZ9tXSvS pic.twitter.com/T6Ga3Qp94u
— Annemarie Huber (@Huber62) August 31, 2017
ჰანმა ასევე ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოვლისმომცველი ჩარჩოს შენარჩუნებაზე“, რომელსაც „სტრატეგიულ მნიშვნელობა აქვს“ და „ხელს უწყობს თანამშრომლობას, ასევე – რესურსების და ყურადღების მობილიზებას ამ რეგიონში საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად“. „ნოემბრის სამიტზე ჩვენი ყურადღება უნდა მივმართოთ არა წინააღმდეგობრივ საკითხებზე, არამედ იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც ერთობლივად შეგვიძლია“.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, მოლაპარაკებებს თავის უნგრელ კოლეგასთან, პეტერ სიიარტოსთან, გამართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)