Site icon Civil.ge

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს პატრიარქის მდივან- რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის მუხლებით და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილის გადაწყვეტილებით, წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობა ანგარების მიზნით, მხოლოდ შურისძიებით განზრახ მკვლელობით განისაზღვრა. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის დეკანოზს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია თავად გიორგი მამალაძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა“.

„შესაბამისად, ბრალდებული გიორგი მამალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ზემოაღნიშნული მუხლებით და მას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ საქმესთან დაკავშირებით 5 სექტემბერს განცხადება მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა, სადაც დეტალურად არის ასახული საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოება.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი იყო, „განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა“.

„გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამის შემდეგ პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძე 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამკურნალოდ იმყოფებოდა და მას სხვა პირებთან ერთად ახლდა შორენა თეთრუაშვილი.

სამართალდამცავებმა გიორგი მამალაძე გამგზავრებამდე, თბილისის აეროპორტში დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზის ბარგის დათვალიერებისას ამოღებული იყო „ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები და დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ, რისთვისაც ერთთვიანი ვადა არსებობს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქმის განხილვა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდეც მივიდეს.

„სტრასბურგში მოგვიწევს გასაჩივრება და სასირცხვილო გადაწყვეტილებას აიფარებს სასამართლო და მისი ხელმძღვანელობა“, – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

სასმართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასმართლოში გეგმავს ასევე პროკურატურაც.

სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა სასულიერო პირების ერთმა ნაწილმა. მათ შორის, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, რომელიც დეკანოზისთვის ბრალის წარდგენის დღიდან მის უდანაშაულობაზე საუბრობდა.

ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს საპატრიარქოს. მხოლოდ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა და განაცხადა, რომ ამ საქმით, „ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის საქართველოს საპატრიარქო“. მისი თქმით, მთელი საპატრიარქო „ლოცულობს მამა გიორგისთვის“.

დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ასევე „არასერიოზული“ უწოდა ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან სასმართლოს გადაწყვეტილების კრიტიკას და განაცხადა, რომ „მათ ალბათ, სავარაუდოდ, მოუწევთ საეკლესიო კანონებით ეკლესიის წინაშე პასუხების გაცემა, თუ რის საფუძველზე კეთდებოდა მათი მხრიდან ასეთი განცხადებები“.

ამ საქმეზე საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ასევე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, რომელიც დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავებიდან დღემდე მონიტორინგს უწევდა მიმდინარე პროცესს და საქმეში მთელ რიგ დარღვევებზე ისაუბრა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, დღეს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით „მართლმსაჯულება არ აღსრულდა“.

„სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში გაეცნობა განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, რათა ნათელი გახდეს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულებები გაიზიარა მოსამართლემ და რა ინფორმაცია მიიჩნია გადამწყვეტად გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ გაგრძელდება მონიტორინგი შემდგომ ინსტანციებშიც და „საქმეში არსებულ დარღვევებთან“ დაკავშირებით სპეციალურ მოხსენებაში აისახება.

საქალაქო სასამართლოს განაჩენს „არ იზიარებს“ ადამიანის უფლებათა ცენტრი. ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი უშუალოდ იყო ჩართული ამ საქმეში, რომლის მიერაც მთელი პროცესის განმავლობაში არაერთი „დარღვევა“ დაფიქსირდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ე. წ. ციანიდის საქმეზე დაირღვა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა გიორგი მამალაძის მიმართ უხეშად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია… დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლო პროცესი. რომელიც დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საზოგადოებისთვის დახურული იყო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი 13 თებერვალს გახდა, როცა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დეკანოზი „მაღალი სასულიერო იერარქის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

პროკურორის ამ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მოჰყვა 14 თებერვალს, სადაც მადლობას უხდიდა სამართალდამცავ სტრუქტურებს „ოპერატიული“ მუშაობისთვის, რის შედეგადაც „აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა“.

ამ განცხადებებს საზოგადოებაში ეჭვები მოჰყვა, რომ იგეგმებოდა საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ ქმედება, თუმცა 16 თებერვლას პროკურატურამ განმარტა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სავარაუდოდ დაგეგმილი მკვლელობის სამიზნე არ ყოფილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)