თბილისმა კიდევ ერთხელ გაუგზავნა კიევს მოთხოვნა საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების და ექსტრადიციის თაობაზე, განაცხადა საქართველოს პროკურატურამ 5 სექტემბერს.
მოთხოვნის ასლი 1 სექტემბერს უკრაინის გენერალურ პროკურატურას გაეგზავნა. მოთხოვნა ასევე გაეგზავნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, რომელიც, პროკურატურის განცხადების თანახმად, ექსტრადიციის საკითხს განიხილავს მაშინ, როდესაც ძებნილი პირის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე იმყოფება.
პროკურატურის განმარტებით, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ოთხ საქმეზეა აღძრული:
- სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით;
- სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას; საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.
- სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გზით; საქმე ეხება 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციურ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც თბილისში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს.
- სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რომელიც გაფლანგვას ეხება და რომლის თანახმადაც სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი თანხები საკუთარი და თავისი ახლობლების, მეგობრების და ოჯახის წევრების პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სააკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს პოლონეთის გავლით გეგმავს, სადაც მასთან ერთად ასევე იქნებიან ევროპარლამენტის წევრები, ასევე ჟურნალისტები და მისი მხარდამჭერები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)