Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტის სამსახურის უფროსად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაასახელა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელი იყო.

წარდგენამდე ირაკლი კობახიძესა და ირაკლი მექვაბიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შეთხვევაში ირაკლი მექვაბიშვილი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით დაინიშნება. პარლამენტში საკითხის განხილვა 20 სექტემბრის სხდომაზე იგეგმება.

ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ირაკლი მექვაბიშვილი ამ თანამდებობაზე ლაშა თორდიას შეცვლის, რომელიც 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ხუთწლიანი ვადა ზაფხულში ამოეწურა.

აუდიტის სამსახურის უფროსის არჩევა და უფლება-მოვალეობები საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. კონსტიტუციის 97-ე მუხლის მიხედვით, აუდიტის სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში და ასევე მონიტორინგს უწევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას.

კონსტიტუციის მიხედვით თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)