Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული პროექტი მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება


სამუშაო შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 14 სექტემბერი, 2017. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელსაც მომდევნო სამუშაო კვირის დასაწყისში საპარლამენტო უმრავლესობას და ვენეციის კომისიას წარუდგენენ. 

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, 14 სექტემბერს, ოპოზიციურ პარტიებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა, საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეული კონსენსუსის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.

„შეჯერებულ ვერსიას გამოვიტანთ საზოგადოების სამსჯავროზე და ის წარედგინება ერთადერთ მმართველ პარტიას, რომელიც ჯიუტობს და ცდილობს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას“, – განაცხადა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ნიკა რურუამ.

„არ არის საუბარი კონსენსუსზე პოლიტიკურ ფიგურებს შორის. აქ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ანგარიში უნდა გაუწიოს იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც დღეს აქვს ქართულ სახელმწიფოს. ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქნას კონსტიტუციის დონეზე არჩევნების მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

საპარალმენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 11 სექტემბერს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, ოპოზიციასთან დიალოგს „აზრს მოკლებული“ უწოდა და, შედეგად, ვენეციის კომისიის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაიშალა. 

ოპოზიციამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში „კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა“ ქართული ოცნების ხელისუფლებას დააკისრა. მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოხატა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება სექტემბრის ბოლოს იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური)