Site icon Civil.ge

ლუის ნავარო: მოკლევადიან პერიოდში ოპოზიციას წარმატების პერსპექტივა არ აქვს


ლუის ნავარო, NDI-ის ყოფილი დირექტორი საქართველოში, 2017. ფოტო: კადრი ამერიკის ხმის მასალიდან

Civil.ge საქართველოში აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილ დირექტორს (2009-2014), ლუის ნავაროს, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ ესაუბრა.

ზოგიერთი ქართველი და უცხოელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული უკუსვლა განიცადა. მაგალითად კი მოჰყავთ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცება და ა.შ. როგორია თქვენი პოზიცია საქართველოში დემოკრატიის სავარაუდო უკუსვლის შესახებ?

ვფიქრობ, ამ პრობლემებთან დაკავშირებით ხელისუფლების გზავნილები თანმიმდევრული არ იყო, რამაც განამტკიცა წუხილები, რომ მთავრობა არ არის თავისუფალი სიტყვისა და გადაადგილების თავისუფლების ერთგული, ან, სულ მცირე, არასაკმარისი ყურადღებით ეპყრობა ან ვერ აცნობიერებს ამ ღირებულებების მიმართ შექმნილ სერიოზულ საფრთხეებს. როდესაც ქართული ოცნების ზოგიერთი ლიდერი პარლამენტში  გმობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ან როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შეუძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდეს აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეში, და შემდეგ შსს უფლებამოსილებას უწყვეტს საზღვრის დაცვის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების უფროსებს გამოძიების დასრულებამდე, ხელისუფლების სიმტკიცე და კომპეტენცია შემდგომი დემოკრატიული პროგრესის მიღწევის საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ქართული ოცნების ხელისუფლებას ასევე აკრიტიკებენ არაფორმალური მმართველობის, ანუ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის კულისებიდან მართვის გამო. როგორია თქვენი პოზიცია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი შესაძლო მონაწილეობის თაობაზე?    

როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ასევე თავად ივანიშვილის და მისი ყოფილი პარტნიორების კომენტარები ცხადყოფს, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულია.  ისევე როგორც სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობისთვის, ივანიშვილიც იყო ქართული ოცნების სახე შარშანდელი არჩევნების დროს.  ივანიშვილის მიერ ქართული ოცნების მთავრობის თავის „პროექტად“ მოხსენიება; გამჭირვალობის ნაკლებობა პროექტ „პანორამას“ განხორციელებასთან  დაკავშირებით; მთავრობის უუნარობა იმგვარი სიტუაციების ეფექტურ ან თანმიმდევრულ მართვაში, როგორიც წლევანდელი ზაფხულის ტყის ხანძრები იყო – ყველაფერი ეს მიანიშნებს იმაზე, თუ როგორაა გადაჯაჭვული ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ქართული ოცნების ინტერესები, თუ როგორ ახდენს გავლენას ივანიშვილი მთავრობის  გადაწყვეტილებებზე. კრიზისებს ვერასდროს გაუმკლავდები სათანადოდ, თუკი მათი მოგვარების უფლებამოსილება სრულად არ გექნება. 

თქვენი აზრით, რა იყო შარშან ზამთარში ნაციონალური მოძრაობის გაყოფის მთავარი მიზეზი?  რა როლი ითამაშა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ გაყოფაში და როგორ ხედავთ მის პოლიტიკურ მომავალს უკრაინაში? 

2013 წელს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც სააკაშვილის საჯარო გზავნილებმა დაჩრდილა დავით ბაქრაძის უფრო მაღალი პირადი პოპულარობა ამ უკანასკნელის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, და როდესაც სააკაშვილის მგზნებარე განცხადებებმა, და არა ქართული ოცნების მმართველობამ, განაპირობა ნაციონალური მოძრაობის შედეგები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, წარმოშვა საკითხი იმის თაობაზე, აღემატებოდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, სააკაშვილის პიროვნებას.

მართალია, ვფიქრობ, რომ შიდა უთანხმოებებსაც ჰქონდა ადგილი პარტიის მიერ კანდიდატების დასახელების კუთხით არსებული მოტივაციების და შედეგების, რესურსების განაწილების და ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რასაც შემდეგ [საპარლამენტო] არჩევნების მეორე ტურის თაობაზე  განხეთქილება მოჰყვა, ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენდა მიშას როლი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ თავად უკვე სხვა ქვეყნის პოლიტიკაში იყო ჩართული.

ევროპული საქართველოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ამ საკითხს ასე უპასუხა: „პარტია მიშასია“. თუმცა, ცალსახაა, მათი შანსები არც ისე სახარბიელოა. ევროპულ საქართველოსთან შედარებით, ნაციონალური მოძრაობის ბრენდი ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებში  უფრო მძლავრია.  ევროპული საქართველოს ლიდერებმა, ისევე როგორც სააკაშვილმა, ვერ მოახერხეს ეჩვენებინათ სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოებისთვის, თუ რითი არიან ფუნდამენტურად განსხვავებულნი სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან შედარებით. სააკაშვილის მსგავსად, ისინიც ცდილობენ, რომ თუნდაც პოპულარობის დაბალი პოტენციალის მქონე, მაგრამ უფრო ცნობადი სახეები წარმოაჩინონ, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ინვესტიცია ახალ ლიდერებში ჩადონ, როგორიც მათი თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაა.

უკრაინაში იულია ტიმოშენკოს თანხლებით მისი გახმაურებული დაბრუნების მიუხედავად,  რთულია იმის განსაზღვრა შეძლებს, თუ არა მიშა ახალი პარტიის შეყვანას უკრაინის პარლამენტში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, მოახერხებს თუ არა საკმარისი პოპულარობის მოპოვებას  ხელისუფლებაში მოსასვლელად. იგი მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი და წევრი იყო, ახლა კი – ასევე აქტიურად ეწინააღმდეგება ხელისუფლებას. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ერთადერთი რაც შეიცვალა, მისი ამბიციებია.

ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გახლეჩის შედეგად ოპოზიცია სერიოზულად დასუსტდა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნაციონალური მოძრაობის გაყოფამ გაზარდა ქართული ოცნების შანსები, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში დარჩეს? ამ კუთხით, როგორია თქვენი მოლოდინები ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით?    

მოკლევადიან პერიოდში, ძნელად წარმომიდგენია, ოპოზიციამ ქართული ოცნებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეძლოს. ნაციონალური მოძრაობა ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც თავის კანდიდატად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი დაასახელა, რომელიც ახალი სახეა პოლიტიკაში, თუმცა აქამდე ასევე ცნობილი იყო როგორც ოპოზიციის აზრების გამხმოვანებელი. თუმცა, ალეკო ელისაშვილიც პოტენციურად საინტერესო კონკურენტია. ერთი მხრივ, ის ივანიშვილის პროექტ „პანორამას“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს უძღვებოდა, და როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მეორე ტურის რეალური კონკურენტია თბილისის მერის არჩევნებზე. მეორე მხრივ, ელისაშვილი ამ მთავრობაში მსახურობდა [პრეზიდენტთან არსებული] შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე  იმ დროს, როდესაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა  ჰქონდა ივანიშვილთან. ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც თბილისში გაიმარჯვა, სააკაშვილის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილია, რომელიც 2016 წელს ქართულის ოცნების ცალსახა მხარდაჭერით იქნა არჩეული. ამდენად, ვფიქრობ, რომ, თუ ელისაშვილი მეორე ტურამდე მივა, ეს მის სასარგებლოდ იმუშავებს, თუმცა შესაძლოა, დამოუკიდებელი კანდიდატების როლის ზრდის ხარჯზე,  ოპოზიციური პარტიების შემდგომი სიცოცხლისუნარიანობა შესუსტდეს. მოკლევადიან პერიოდში, ქართულ ოცნებას ეს სარგებელს მოუტანს. თუმცა რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა ეფექტი ექნება ამას გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ვფიქრობ, თუ ქართული ოცნება არ გადააჭარბებს თავის 2016 წლის შედეგებს, თუ ნაციონალური მოძრაობა გააუმჯობესებს თავის მაჩვენებლებს, თუ ევროპული საქართველო გადალახავს საარჩევნო ბარიერს და უდუმაშვილი ან ელისაშვილი თბილისში მეორე ტურში გავლენ, ეს იქნება ოპოზიციის პროგრესის მანიშნებელი, მიუხედავად იმისა, რომ  ქართული ოცნება კვლავაც შეინარჩუნებს ხელისუფლებას ყველა დონეზე. გულწრფელად რომ ვთქვა, თუ მოვლენები ასე განვითარდა,  ეს ხელს შეუწყობს ქართულ ოცნებას და დაეხმარება უფრო დიდი მიზნის მიღწევაში – დაარწმუნოს დასავლური მთავრობები, რომ საქართველოში პლურალისტური დემოკრატია არსებობს.

რუსეთი საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებს როგორც უხეშ ძალას, ისე რბილი ძალის ინსტრუმენტებს, იქნება ეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ მიმდინარე ბორდერიზაცია და სამხედრო ყოფნის გაღრმავება ამ ორ ტერიტორიაზე, ან ქვეყანაში მიმდინარე მზარდი პროპაგანდისტული ძალისხმევა. ამავე დროს, ჩვენ გვესმის ოპოზიციის ბრალდებები, რომ ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს რუსულ საფრთხესთან დასაპირისპირებლად. თქვენი აზრით, აკეთებს თუ არა ხელისუფლება საკმარისს რუსეთის საკითხის მოსაგვარებლად? როგორ განსხვავდება ქართული ოცნების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან?
 
ქართული ოცნების ხელისუფლებამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას მიაღწია როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან ურთიერთობებში. ამის საუკეთესო მაგალითებად დავასახელებდი რუსული ემბარგოს მოხსნას, რაც 2012 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებამ განაპირობა;  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას, რაც 2013 წელს ივანიშვილი-სააკაშვილის „კოჰაბიტაციის“ დასასრულს მოხდა; მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას; ასევე  – რუსეთიდან/ევრაზიული კავშირიდან ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას. 
 
თუმცა, ივანიშვილის მუდმივი გულგრილობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე რუსეთის „მცოცავი ოკუპაციის“ მიმართ; პარლამენტის თავმჯდომარის აღიარება, რომ ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვა რუსულ პროპაგანდაზე უშუალო პასუხია; ხელისუფლების დუმილი უკრაინის კონფლიქტზე და რუსეთისთვის ხანძრის ჩაქრობის თხოვნით მიმართვის დამალვა – ყველაფერი ეს რუსეთთან ქართული ოცნების ურთიერთობის წინააღმდეგობრივ ბუნებას ასახავს. ეს ქართული ოცნების ოპონენტებს კრიტიკისათვის საკმარის საბაბს აძლევს.
 
სამწუხაროდ, დღეს, ქართული ოცნების წარმომადგენლები, ისევე როგორც 2008-2012 წლებში ძალაუფლების პიკში მყოფი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, უგულებელყოფენ თავიანთ პროდასავლელ ოპონენტებს, მათთან კონსტრუქციულ მუშაობას შეუძლებლად მიიჩნევენ და ეჭვქვეშ აყენებენ მათ უნარს, მართონ ქვეყანა. ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ქართული ოცნებაც ფიქრობს, რომ შესაფერისი ოპოზიციური ძალები მხოლოდ ხელისუფლების წიაღიდან შეიძლება აღმოცენდნენ. იმ დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ყველას, ვინც მას უპირისპირდებოდა, პრორუსულობას აბრალებდა, ქართული ოცნება/ივანიშვილი პრორუსულ ნარატივებს და რესურსებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ ბერკეტად იყენებს. პატრიოტთა ალიანსი და ასავალ-დასავალი ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი სუბიექტების ყველაზე მკაფიო მაგალითებია, რომლებიც ქართული ოცნების პროდასავლელ ოპონენტებს მიზანმიმართულად და ულმობლად უტევენ.