საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტმა 26 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე 117 ხმით, 2 წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო.
ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. 2024 წლიდან უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრით დაკომპლექტდება. ამასთან, 2024 წლიდან პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა აეკრძალებათ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას „უმნიშვნელოვანესი” და „ისტორიულ პროცესი“ უწოდა. ოპოზიციურმა პარტიებმა კი, ახალი კონსტიტუციის პროექტი მწვავედ გააკრიტიკეს, სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„დღეს ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე… ჩვენ გვქონდა დამკვიდრებული ძალიან ნეგატიური და უარყოფითი საკონსტიტუციო ტრადიცია ქვეყანაში. ყოველთვის, როდესაც იცვლებოდა საქართველოს კონსტიტუცია, ეს კეთდებოდა მმართველი ძალის სასარგებლოდ. პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი ძალის, ხელისუფლების სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით… ეს არის ახალი საკონსტიტუციო ტრადიციის და კულტურის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დეპუტატებს კონსტიტუციის პროექტში მესამე მოსმენისთვის დაგეგმილი სარედაქციო ტიპის შენიშვნები გააცნო.
ოპოზიციურმა პარტიებმა – ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლებიც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ და პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით არჩევას 2020 წლიდან მოითხოვდნენ, სხდომა კენჭისყრამდე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში. თქვენ იმსახურებთ, რომ ამ ფარსში მარტო დარჩეთ. ევროპული საქართველო ტოვებს ამ სხდომას”, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
„დღეს თქვენ, რეალურად, ამ საკონსტიტუციო პროცესით სათავე დაუდეთ ძალიან შეუქცევად და ძალიან მტკივნეულ პროცესს, რომელიც, რა თქმა უნდა, ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ თქვენ უკან. თქვენ ამ საკონსტიტუციო პროცესით დაადასტურეთ, რომ ამ პროცესში ხართ მარტო. არც ერთი მოკავშირე თქვენ არ გყავთ… თქვენ აკანონებთ რეალურად დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, ნიკა მელიამ.
ნაციონალური მოძრაობის წევრების სხდომათა დარბაზიდან გასვლის დროს მათსა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რის გამოც სხდომის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა, ხუთ წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მოკლე კომენტარით შეაფასა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობის დაწყების დღიდან ოპოზიცია „მესამედ გაიქცა და ეს არის სისუსტის ნიშანი“.
კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე სიტყვა ითხოვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ და განაცხადა, რომ „ეს არის საკონსტიტუციო უზურპაცია“.
„კანონი ეს არის საზოგადოებრივი შეთანხმება, ეს კონსტიტუცია საზოგადოებრივი შეთანხმების საბუთი არ არის…. ეს არის საკონსტიტუციო უზურპაცია, ეს არის ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება… ეს არის ქართული ოცნების კონსტიტუცია, ეს არ არის საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
დღესვე დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელსაც მხარი 114-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის დროს, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
„ყველა მოწვევის პარლამენტს არა აქვს იმის შანსი, რომ მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს ისტორიული პროცესის განხორციელებაში და ისტორიული მისიის შესრულებაში. ჩვენ ნამდვილად მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რაც არის ჩვენთვის დიდი პატივი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კონსტიტუცია, რომელიც მიიღეს „გაუძლებს დროს, გაუძლებს ათწლეულებს და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)