საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას, 4 ოქტომბერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკითხის განხილვის მიზნით პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.
ამის შესახებ განცხადება 3 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
„პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, ქართულ ოცნებასთან…მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო ქართული ოცნების და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე. პრეზიდენტი მზადაა მათ ხვალ, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს,“ – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების გავრცელებამდე ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მზადყოფნა პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ძალაში რჩება.
„ჩვენი მხრიდან შეთავაზება რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ თუ იქნებოდა ასეთი სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ მას შევხვდებოდით აუცილებლად უმრავლესობის ფორმატში. ასევე, მე პირადად, გამოვხატე მზადყოფნა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, შევხვდებოდი აუცილებლად საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერს ჟურნალისტებთან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, 4 ოქტომბერს შეხვედრა შედგება, თუმცა, რა შემადგენლობით მივა მმართველი გუნდი პრეზიდენტის სასახლეში დაზუსტებული არ არის. დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს საკითხი შიდა კონსულტაციით გადაწყდება.
პარლამენტმა 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მომდევნო დღეს, 27 სექტემბერს განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ვეტოს უფლება კონსტიტუციური კანონპროექტის იმ ნაწილებზე გამოეყენებინა, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება.
სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით, პრეზიდენტმა 28 სექტემბერს კონსულტაციებზე მმართველი გუნდი და ის ოპოზიციური პარტიები მიიწვია, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული პროექტის შემუშავებაში იყვნენ ჩართული. ქართულმა ოცნებამ დიალოგის ამ ფორმატზე უარი თქვა და პრეზიდენტთან ცალკე შეხვედრა მოითხოვა.
მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი, ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს.
This post is also available in: English (ინგლისური)