თორნიკე შარაშენიძე. ფოტო: კადრი ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემიდან
თორნიკე შარაშენიძე არის პროფესორი და საზოგადოებრივ საქმეთა ქართული ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო საქმეთა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
აფხაზეთისა და აფხაზების მიმართ საქართველოს დამოკიდებულება შეიძლება შეფასდეს ერთი სიტყვით – სენტიმენტალური. სამწუხაროდ, ამ დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს პოლიტიკაზე როგორც აფხაზეთის, ასევე აფხაზების მიმართ. რადგანაც პოლიტიკაში სენტიმენტების ადგილი არ არის, მაშინ არც უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველომ ამ დრომდე ვერაფრის მიღწევა ვერ შეძლო აფხაზებთან მიმართებაში.
90-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, საქართველო აფხაზებთან ჩართულობის მიღწევას პოზიტიური დისკრიმინაციის გზით ცდილობს – აფხაზური ენისთვის განსაკუთრებული სტატუსი, უფასო ელექტროენერგია, უფასო მკურნალობა… რომ აღარაფერი ვთქვათ ყველაზე ფართო ავტონომიის დაპირებებზე. მაგრამ არაფერმა არ იმუშავა. უფასო მკურნალობის პროექტი მეტნაკლებად წარმატებულად ითვლება, რადგან ამ პრივილეგიით ასეულობით აფხაზმა ისარგებლა (რაც იმასაც გულისხმობს, რომ მათ ქართული სტუმარმასპინძლობაც გამოსცადეს და საკუთარი თვალით იხილეს „საკუთრივ საქართველო“). თუმცა ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ამ პრივილეგირებული აფხაზებიდან რომელიმე მაინც მზად არის მხარი დაუჭიროს აფხაზეთის დანარჩენ საქართველოში რეინტეგრაციას.
პარალელურად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არაერთხელ ეცადა ხმა მიეწვდინა აფხაზებისთვის. ამ მიმართებით თვალსაჩინოა „მშიბზიას“ (აფხაზურად „გამარჯობა“) სახელით ცნობილი კამპანიის ისტორია. კამპანიის ფარგლებში, ათეულობით ათასმა ქართველმა აფხაზებს „გამარჯობა“ უთხრა (ძირითადად, სოციალური ქსელებით), მაგრამ პასუხად მიიღეს მხოლოდ „ნახვამდის“ აფხაზურ ენაზე. სინამდვილეში, ამგვარი კამპანიები გარშემო ყველას, მათ შორის, კონფლიქტის გადაწყვეტაში დაინტერესებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არწმუნებენ იმაში, თითქოს ქართველები არიან ყველაფერში დამნაშავე, ხოლო აფხაზები – აბსოლუტურად მართალნი. სხვაგვარად მაშინ როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ ქართველები მუდმივად ბოდიშებს იხდიან? მართლაც, ამ კამპანიების შემხედვარე ადვილად შეიძლება დავივიწყოთ აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტებიც (ქართველები ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, რომელსაც აფხაზები ყოველთვის „საკუთრივ საქართველოს“ ნაწილად მიიჩნევდნენ).
ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ – ამ პოლიტიკაში და ამ ურთიერთობებში რაღაც ისე არ ხდება, როგორც საჭიროა.
უპირველეს ყოვლისა, ქართველების უმეტესობამ თითქმის არაფერი იცის აფხაზების დამოკიდებულებაზე დანარჩენი საქართველოს მიმართ. მათ არ იციან, რომ აფხაზები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში ქართველების ადგილი საერთოდ არ არის და რომ აფხაზეთი მხოლოდ აფხაზებს ეკუთვნით. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, რას მოიმოქმედებს საქართველო – აფხაზებს საქართველოში რეინტეგრაცია იქმდე არ მოუნდებათ, სანამ მათი ასეთი დამოკიდებულება არ შეიცვლება.
ჩნდება კითხვა – მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ჩემი აზრით, საქართველომ აფხაზებს საშუალება უნდა მისცეს, რომ „თავიანთი დამოუკიდებლობით დატკბნენ“, უკან მათ მობრუნებაზე მიმართული ყოველგვარი მცდელობების გარეშე. საქართველომ მათ უნდა გააგებინოს, რომ არასდროს აღიარებს აფხაზების დამოუკიდებლობას, მაგრამ ამავე დროს აღარასდროს გაიღებს ფულს მათი კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით. საქართველო დახარჯავს ფულს მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებზე, და თუ გამოჩნდებიან აფხაზები, რომლებიც მზად იქნებიან მიიღონ მოქალაქეობა, მაშინ – კი ბატონო. თუმცა მხოლოდ ამის შემდეგ.
რა თქმა უნდა, საქართველოს აფხაზეთის დაბრუნება სურს, მაგრამ საქართველო ადვილად გაიტანს თავს (და არა მარტო) და იცხოვრებს აფხაზეთის გარეშეც, თანაც ძალიან დიდხანს. მეორე მხრივ კი, რამდენად დიდხანს შეძლებენ აფხაზები ცხოვრებას ამ სიტუაციაში, რომელშიც ახლა აღმოჩნდნენ? ვითარდება კი აფხაზეთის ეკონომიკა? იზრდება კი მათი მოსახლეობის რაოდენობა? აქვთ თუ არა მათ რაიმე პერსპექტივა იზოლაციის პირობებში? ვინ იცხოვრებს უკეთ ათწლეულების შემდეგ – ქართველები თუ აფხაზები? აფხაზები სწორედაც რომ არა. ასე რომ, ვინ უფრო უნდა იყოს დაინტერესებული დიალოგსა და შერიგებაში? ყველა სენტიმენტი რომ უკუვაგდოთ, რომლებიც საქართველოს შესაბამის დამოკიდებულებას და პოლიტიკას ახასიათებს, მაშინ პასუხი ნათელია – აფხაზები უფრო უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. თუკი შერიგება არ იქნება, ისინი გრძელვადიანად უფრო მეტად რისკავენ, ვიდრე ქართველები. გაჭიანურების ფუფუნება აფხაზებს არ აქვთ.
შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, რა მოხდება მაშინ, თუკი აფხაზები მაინც არ გამოიჩენენ შერიგების არანაირ სურვილს? ამაზე პასუხი არ მაქვს. მაგრამ ერთი რამ ცხადია – სენტიმენტალური პოლიტიკა ჩავარდა და ამიტომ რაღაც არის შესაცვლელი. სინამდვილეში, მგონია, რომ ეს სენტიმენტალური პოლიტიკა აფხაზებს მცდარ წარმოდგენას უქმნის, რომ არსებული სტატუს-კვოს პირობებში ქართველები უფრო რისკავენ და არა აფხაზები. რაც უფრო მეტი კეთილი ნების ჟესტი იქნება ქართველების მხრიდან, რაც უფრო მეტი რესურსი დაიხარჯება პოზიტიურ დისკრიმინაციაზე, მით უფრო მეტად გაჯიუტდებიან აფხაზები – რადგან საქართველოს ასე თავგამოდებით სურს აფხაზეთის დაბრუნება, ესე იგი აფხაზები ყველაფერს სწორად აკეთებენ. რაც მეტ თავგამოდებას გამოიჩენენ ქართველები, მით უფრო ნაკლები იქნება დიალოგის და შერიგების შანსი.
აფხაზებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიაზრონ, რა უდევთ მათ ფსონად და რა აქვთ დასაკარგი. მაგრამ ქართველები თუ მომავალშიც გამოავლენენ თავგამოდების ნიშნებს, აფხაზები უბრალოდ ვერ შეძლებენ საკუთარი რეალობის შესაბამისად შეფასებას. რა თქმა უნდა, მათთვის იოლი არ იქნება საქართველოს მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა (რაზეც უკვე დავწერეთ), მით უმეტეს, რომ მათ ომი მოიგეს. მაგრამ კომპრომისის გარეშე საქმე ვერ მოგვარდება, მით უფრო, როცა უზარმაზარი ფსონებია დადებული.
შეიძლება ვიდავოთ იმაზე, რომ ქართველებმა მეტი მოთმინება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, ვიდრე აფხაზებმა, და რომ კეთილი ნების ჟესტების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მით უმეტეს, როცა კეთილი ნების ჟესტებს შედეგი არ მოაქვს. ახლა ბურთი სხვის მოედანზეა.
როგორც ბისმარკი ამბობდა, სენტიმენტალურ პოლიტიკას სასურველი შედეგი არ მოაქვს.