Site icon Civil.ge

ქართული ოცნება არჩევნებში ‘ძალიან მნიშვნელოვან’ გამარჯვებას ზეიმობს


პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს, 21 ოქტომბერი, 2017. ფოტო: ქართული ოცნება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ეგზით პოლის შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია დამაჯერებლად უგებს ოპონენტებს თბილისსა და ქუთაისში.   

„მინდა კახა კალაძეს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და მთლიანად ჩვენს გუნდს, ქართული ოცნების გუნდს მინდა მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება“, – მიმართა კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს სცენიდან, რომელიც ქართული ოცნების თბილისის ოფისის წინ აღმართეს. 

„მე მინდა სიამაყით ვთქვა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ერთი რამ დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული კურსი არის სწორი“.

მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ასევე მიმართა მხარდამჭერებს და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის.  „ჩვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზა გამოვიარეთ. ძალიან ბევრი შეხვედრები გვქონდა მთელი ამ საარჩევნო კამპანიის მანძილზე და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია,  დედაქალაქის  მოსახლეობას აქვს ჩვენი იმედი“. 

„ჩვენ ყველა ვხედვათ იმ პრობლემებს, რომელიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის და ასევე კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ, რომ ეს პრობლემები იქნას მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ „ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას“. 

„მე მზად ვარ შრომისთვის, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს, თბილისს, თბილისელებს“, – განაცხადა კალაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური)