Site icon Civil.ge

ესპანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარსელობაში „სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის ოფისის“ გახსნასთან დაკავშირებით მედიის ინფორმაციის საპასუხოდ 26 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთი „სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პოზიციას იზიარებენ ევროკავშირის დანარჩენი წევრი სახელმწიფოები, და რომ „სამხრეთ ოსეთს არ აღიარებს გაეროს პრაქტიკულად არც ერთი წევრი სახელმწიფო“.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  სამხრეთ ოსეთს „ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში, ასევე თითქმის არც ერთ იმ ქვეყანაში, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობაში შედიან, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის უფლება არ აქვს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა „სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი ბარსელონას 23 ოქტომბერს სტუმრობდა. იგი ადგილობრივი ოსური დიასპორის წევრებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ კატალონიაში მიმდინარე მოვლენები „სამხრეთ ოსეთში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგანაც 26 წლის წინ სამხრეთ ოსეთის ხალხმა ასევე გადადგა ანალოგიური გადამწყვეტი ნაბიჯები საკუთარი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების გზაზე“.

იმავე დღეს ბარსელონაში „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კატალონიის წარმომადგენლობის ოფისი“ გაიხსნა. მისი გაცხადებული მიზანია „ორმხრივი კავშირების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, პირველ რიგში კულტურის და ჰუმანიტარულ სფეროებში“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მხარდაჭერა გამოხატა კატალონიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, დმიტრი მედოევი კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ 1 ოქტომბრის რეფერენდუმს შეეხო და აღნიშნა, რომ „მიუხედავად პოლიციის დარბევებისა, ცხადია, რომ კატალონიელებმა ღირსეულად დაიცვეს საკუთარი უფლება დამოუკიდებლობის მიმართ“. მან ასევე დასძინა, რომ ესპანეთის ხელისუფლების აგრესიულმა რეაქციამ რეფერენდუმზე კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ დასავლეთისთვის მისაღები პრაქტიკაა არა საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების პირველობა, არამედ ორმაგი სტანდარტები და დაუფარავი თვალთმაქცობა.  

This post is also available in: English (ინგლისური)