Site icon Civil.ge

არასამთავრობოები: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კონსულტაციების გარეშე გაუქმება ‘მიუღებელია’

25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობაში შემოთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში დაგეგმილი შესვლის თაობაზე.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არსებობა ადასტურებს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და სახელმწიფო უწყებების საქმიანობის საერთო ამოსავალი წერტილია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 20 ნოემბერს გამოქვეყნდა. „ამ ფონზე, მიუღებელია საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად გარდაქმნა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება სტრუქტურული ცვლილებების შესახებ „დახურულ კარს მიღმა“ იქნა მიღებული და რომ საზოგადოებას არ განემარტა „თუ როგორ მოხდება აპარატის სხვადასხვა ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ხელისუფლების, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების კოორდინაცია და მონიტორინგი“.

„მაშინ, როდესაც საქართველოსა და ევროკაშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მოლოდინი, ქვეყნის შიგნით სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში რეფორმების გატარებას უკავშირდება, კითხვის ქვეშ დგება თუ როგორ განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის ძირითადი ფუნქცია საგარეო პოლიტიკის წარმართვაა, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული აქტივობების კოორდინაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას და პარლამენტს, რომ „ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები, რათა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2004 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ევროკავშირთან და ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამჟამად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრს, ვიქტორ დოლიძეს უკავია, რომელიც ამ პოსტზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა

This post is also available in: Русский (რუსული)