Site icon Civil.ge

შოტლანდიის ადგილობრივი ხელისუფლება აფხაზეთის ომის მემორიალს აღადგენს


მემორიალი ქალაქ კილმარნოკში. ფოტო: ipn.ge

შოტლანდიის ისტ-ერშირის საბჭომ 29 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქალაქ კილმარნოკში მდებარე აფხაზეთის ომის მემორიალს „ამ ეტაპზე რაიმე ცვლილებების გარეშე“ თავის ძველ ადგილას აღადგენს, რითიც დასრულდება მონუმენტის ბედთან დაკავშირებული დაახლოებით ერთთვიანი დაპირისპირება.

საბჭომ შესთავაზა ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ დიალოგი გამართონ, რათა მემორიალისთვის საყოველთაოდ მისაღები ტექსტი  და შინაარსი შეიმუშავონ, რომელსაც შემდეგ საბჭო მემორიალზე გადაიტანს.

ქალაქ კილმარნოკში მდებარე მემორიალი 90-იან წლებში აღიმართა იმ მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც თბილისის ხელისუფლების წინააღმდეგ 1992-1993 წლების ომში მონაწილეობდნენ, როგორც ამის შესახებ რუსეთის და სოხუმის წარმომადგენლები აცხადებენ*.

მონუმენტზე აფხაზი სეპარატისტების მიერ კონფლიქტის დროს შექმნილი დროშაა გამოსახული, ხოლო მასზე განთავსებულ წარწერაზე იკითხება: „იმ პირთა ხსოვნისადმი  ჩვენი დაძმობილებული ქალაქ სუხუმიდან*, რომლებიც აფხაზურ/ქართული კონფლიქტის დროს დაიღუპნენ 1992-1993 წლებში“.

მონუმენტის პოლიტიკური გზავნილის, ასევე მისი ტექსტის თაობაზე შეშფოთება შოტლანდიის ხელისუფლებას საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილმა გადასცა. ბერუჩაშვილი შოტლანდიას ოქტომბრის დასაწყისში სტუმრობდა და მან შოტლანდიის ხელისუფლების მონუმენტის მოხსნის თხოვნით მიმართა.

ერთი თვის თავზე მონუმენტის მოხსნას მწვავე წინააღმდეგობა მოყვა, რა დროსაც მოსკოვის და სოხუმის ხელისუფლებებმა თბილისი გააკრიტიკეს ისტორიული მეხსიერების უგულებელყოფის გამო და მონუმენტის თავის ადგილზე დაბრუნება მოითხოვეს. 

თბილისის ოფიციალური პოზიცია   

ისტ-ერშირის საბჭოს თქმით, საქართველოს საელჩოს თხოვნისა და შოტლანდიის მთავრობის შუამდგომლობით ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროსთან განხორციელებული კონსულტაციების შემდეგ, საბჭომ „პროფესიონალი ქვის სპეციალისტი“ დაიქირავა, რათა მას დაედასტურებინა, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იყო მონუმენტზე რაიმე ცვლილებების შეტანა.

თუმცა, საბჭომ ასევე დასძინა, რომ მართალია, თხოვნის შესაბამისად, ქვის სპეციალისტს ადგილზევე უნდა შეემოწმებინა მემორიალი, კონტრაქტორმა, „რომელიც არ იყო ინფორმირებული პოლიტიკური კონტექსტის შესახებ“, დროებით მოხსნა მემორიალი მისი შეფასებისთვის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თუმცა, თამარ ბერუჩაშვილის თავდაპირველი განცხადება განსხვავდება ამ ვერსიისგან. 9 ნოემბერს ბერუჩაშვილმა განუცხადა ინტერპრესნიუსს, რომ ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტის დროს ის ესაუბრა შოტლანდიის ხელისუფლებას და „მივიღეთ შეპირება, რომ შოტლანდიის ხელისუფლება დაელაპარაკებოდა ადგილობრივ მთავრობას ქალაქ კილნმარნოკში, განუმარტავდა სიტუაციას“.  „მათ გაიზიარეს ის მიდგომა, რაც ზოგადად აქვს ბრიტანულ სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ადგილობრივმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ამ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ. ეს არის ნამდვილად კარგი შედეგი“. 

16 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ უარყო, რომ ქართველი დიპლომატების მიზანი მემორიალის სამუდამოდ აღება იყო. მისი თქმით, „უბრალოდ ჩვენ მივუთითეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი შეიცავდა პოლიტიზირებულ სიმბოლიკას და არ იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“. მან ასევე დასძინა, რომ „არავის მოსვლია აზრად, რომ მომხდარიყო ამ მემორიალის დანრგრევა ან დემონტაჟი“. დონდუას თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ დროებით მოხსნა ის ქართული მხარის თხოვნის საპასუხოდ და რომ შესწორებების შეტანის შემდეგ მას ადგილზე დააბრუნებენ.

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სა მოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ მემორიალი კვლავ უნდა განთავსდეს და დასძინა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს „ასეთი პირობა აქვს კილმარნოკის ადგილობრივი ხელისუფლებისგან“.

„დარწმუნებული ვარ, შესაძელებლია იმ ფორმის მოძებნა, რომელიც ამ საერთო ტკივილს გამოხატავს და რაც ყველა მხარისათვის, რომელიც ტკივილს განიცდის, მისაღები იქნება. ამ საკითხში მზად ვართ ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობისთვის. მეტიც, მიმაჩნია რომ პროცესში შესაძლებელია ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ჩართვა და თანამშრომლობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მოსკოვის და სოხუმის რეაგირება

სოხუმის ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა მემორიალის აღების გამო. ოკუპირებული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლება „ვანდალიზმში“ დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით, აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერების განადგურებისკენაა მიმართული და „აფხაზეთის და მისი ხალხის მიმართ აგრესიული და არაჰუმანური ქართული პოლიტიკა“ დაგმო. 

23 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან საუბრისას, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ უარყო, რომ მემორიალის ტექსტის შეცვლასთან დაკავშირებით კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მან განცხადა: „არასდროს დავუშვებთ, რომ სამშობლოს დამცველთა და აგრესორთა სახელები ერთ მწკრივში დაიწეროს“.

საკუთარი უკმაყოფილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოხატა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოუწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რომ „ადეკვატური შეფასება მისცენ შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზ მებრძოლთა მემორიალის დემონტაჟთან დაკავშირებულ პროვოკაციას“.

„ეს ქმედება თბილისის მხრიდან ზეწოლის შედეგად განხორციელდა და ძალიან მტკივნეულად იქნა აღქმული აფხაზეთში, სადაც პატივს მიაგებენ 1992-1993 წლების ტრაგიკულ მოვლენებს. ამგვარი ქულების დაგროვებით, საქართველო ძირს უთხრის დიალოგს და რეგიონში სიტუაცია ჩიხში შეყავს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

* თუმცა, კილმარნოკის ოფიციალური განცხადება ხაზს უსვამს, რომ მემორიალი პატივს მიაგებდა „არა იმ პირებს, ვინც ერთი ან მეორე მხარისთვის ბრძოლის დროს დაიღუპა, ან ერთი ან მეორე მხარის მიერ იქნა მოკლული, არამედ ყველა იმ პირს სოხუმიდან, რომელთა სიცოცხლეც დასრულდა“.    

* საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის მიერ 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფოტოზე წერია „სუხუმ“, მაშინ როცა რადიო „თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს აწერია სახელი „სუხუმი“. Civil Georgia-მ ვერ შეძლო მემორიალის წარწერის ამჟამინდელი ფორმულირების დამოუკიდებლად შემოწმება.  

This post is also available in: English (ინგლისური)