სულხან სალაძე. ფოტო: gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ 5 დეკემბერს, იურისტი სულხან სალაძე აირჩიეს, რომელმაც ამ პოსტზე ანა ნაცვლიშვილი შეცვალა.
სულხან სალაძის განაცხადებით, ორგანიზაცია გააგრძელებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს, ასევე მედიის თავისუფლებას ეხება.
„პირადად ჩემი სურვილია და, ცხადია, ამ თემაზე კიდევ გვექნება საუბარი, რომ ჩვენ რიგ ისეთ თემებსაც შევეხოთ, რომელსაც შესაძლოა, ამ ეტაპამდე საია აქტიურად არ ფარავდა, თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, ზოგადად, კარგი მმართველობის თვალსაზრისით. ყველა ეს საკითხი ჩვენთვის იქნება პრიორიტეტული“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
ყოფილმა თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა, რომელიც ორგანიზაციას ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სულხან სალაძეს არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.
სულხან სალაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2011 წლიდან მუშაობს. გარდა ამისა, ის ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრიაცაა. ამ პოსტზე ის 2016 წელს, ოთხი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტმა აირჩია.
საია-ს წესდების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოველწლიურად, გამგეობის შემადგენლობიდან აირჩევა. ამ თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის არჩევა ზედიზედ მხოლოდ სამი ვადით შეიძლება.
საია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი 1994 წელს დაფუძნდა.
This post is also available in: English (ინგლისური)