ნინო გიორგობიანი, სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 26 დეკემბერი, 2017. ფოტო: ssg.gov.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები „ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა“.
„აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი“, – განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა.
სუს-მა ნოემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული ორი პირის და ერთი დაკავებულის ვინაობაც დაასახელა. ოფიციალური ინფორმაციის თანხმად, ლიკვიდირებულ პირებს შორის არიან „რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი“. ერთი დაკავებული კი, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვის ბრალდებებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი ინტერპოლის მიერ იძებნება.
ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაკავებული და ლიკვიდირებული პირების იდენტიფიცირება „საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით“ მოხდა. მისივე თქმით, დადგენილია იარაღის სამალავის ადგილი, საიდანაც ჩატაევის ჯგუფი მარაგდებოდა. „ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები“, – განაცხადა გიორგობიანმა.
სუს-ის თანახმად, ჩატაევი და მისი თანამზრახველები თურქეთიდან საქართველოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – კირნათისა და მარადიდის „მწვანე ზოლის მონაკვეთით“ გადმოვიდნენ. მათ საქართველოს საზღვრამდე თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში, საზღვრის გადმოკვეთასა და თბილისამდე ჩამოსვლაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დაეხმარა. ეს უკანასკნელები ჩატაევის ჯგუფს თბილისში ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაშიც დაეხმარნენ. სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ისინი, დღეს დილით, თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დუისსა და ომალოში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა.
ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს შორის ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი არიან. სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობის დროს თავის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
დაკავებულებს 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„[ჩატაევის] დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია პანკისის სათემო რადიო WAY-მ გაავრცელა. რადიოს ცნობით, სპეცოპერაცია პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში დაახლოებით 04:00 საათიდან დაიწყო და ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელის მობილიზება მოხდა.
This post is also available in: Русский (რუსული)