Site icon Civil.ge

სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს დამნაშავედ სცნო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შეწყალებაში გამოიხატა. 
ბრალდების მხარის მტკიცებით, 2006 წელს, 27 იანვარს მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში, პრეზიდენტი სააკაშვილი დაჰპირდა შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაშინდელ უფროსს, დავით ახალაიას, რომ შეიწყალებდა კუდ-ის იმ თანამშრომლებს, რომლებიც დათანხმდებოდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და არ გათქვამდნენ დანაშაულის შემკვეთებსა და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. 
პროკურატურის თანახმად, 2008 წლის 24 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე – ორი წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ამავე ინფორმაციის თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის კანონის საფუძველზე, სააკაშვილს დანიშნული სასჯელები ერთი მეოთხედით შეუმცირდა და, საბოლოოდ, სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საჯარო სამსახურში მუშაობა კი – ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით აეკრძალა. განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად იქნა გამოტანილი.
გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენიდან დღემდე, დაცვის მხარე პროკურატურის პრეტენზიებს აბსურდულს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, მიუთითებდა რა საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმაზე, რომელიც მსჯავრდებულთა შეწყალებას პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად განსაზღვრავს. დაცვის მხარე ასევე განმარტავდა, რომ საქმეში არ არსებობდა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების დაპირება გასცა. 
სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე სააკაშვილს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავდა, რომელიც საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და თავისი ადვოკატები აიცილა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას სასამართლოს შენობაშივე მოჰყვა ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად მისული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა პროტესტი. ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა გირგვლიანის საქმის მოსამართლეს სისხლის სამართლის დამნაშავე“ უწოდა და ის ივანიშვილისა და მის ირგვლივ შეკრებილი მოღალატეების მითითებით მოქმედებაში დაადანაშაულა. ბიბილაშვილის თქმით, ამ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც მას დავალება მისცა შუშის სასახლეში, შეიძლება ითქვას მთლიანად რეჟიმს

სასამართლოს განაჩენი პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების რეაქცია სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე „თავიდანვე იწვევდა ქართული საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას“, თუმცა „შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების“.

სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. 

ეს „განაჩენი“, ისევე როგორც კიევში მიმდინარე პარალელური პროცესი, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ოლიგარქიული ხელისუფლებები სინქრონულად და ერთმანეთთან სრული კოორდინაციით მოქმედებენ ჩემი, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქატთან და ხალხის ძარცვასთან ბრძოლის ლიდერის, წინააღმდეგ, – აღნიშნა სააკაშვილმა 5 იანვარს ფეისბუქში გამოქვეყნებულ განცხადებაში. 
ეს პირველი განაჩენია, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში იქნა გამოტანილი. 2014 წლიდან, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრისა და ხელში ჩაგდების საქმეში, ასევე – ოპოზიციურ დეპუტატზე ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში. ექს-პრეზიდენტს ბრალი ედება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების (8.8 მლნ ლარის) გაფლანგვაშიც.
სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი მას შემდეგ წარედგინა, რაც 2013 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მან საქართველო დატოვა. 
2015 წლის მაისში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქე გახდა და ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში, პოროშენკოსთან ურთიერთობების გაუარესების გამო გადადგა, ოპოზიციაში გადავიდა და 2017 წლის დასაწყისში საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დააფუძნა.  
2017 წლის ივლისში, აშშ-ში ვიზიტით მყოფ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, თუმცა იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინაში დაბრუნება შეძლო და ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესო აქციებს ჩაუდგა სათავეში. 2017 წლის დეკემბერში, უკრაინის ხელისუფლებამ მას ბრალი დანაშაულებრივი ჯგუფების მხარდაჭერასა და მათი კრიმინალური საქმიანობის დაფარვაში წარუდგინა და ორჯერ სცადა მისი დაპატიმრება, თუმცა სააკაშვილი ჯერ მხარდამჭერთა დახმარებით, შემდეგ კი სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა

მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს
ორი ოლიგარქის” – უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, შეთანხმებულ მოქმედებას უკავშირებს. 

This post is also available in: Русский (რუსული)