Site icon Civil.ge

ნარკოპოლიტიკის საკითხზე პატრიარქის განცხადებას პოლიტიკოსთა გამოხმაურება მოჰყვა

ნარკოპოლიტიკის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც ის ნარკოტიკების მოხმარებისგან ახალგაზრდების დაცვაზე და ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. 

კათოლიკოს-პატრიარქმა 6 იანვარს ეპისტოლეში აღნიშნა, რომ „აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით“. ამასთან, მისივე თქმით, „უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები“. „მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას“, – ვკითხულობთ ეპისტოლეში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის თქმით, რომელმაც განცხადება სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ გააკეთა, „როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე – იქნებ, სჯობს, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა“.  

პატრიარქის განცხადებაზე კომენტარები გააკეთეს მმართველ გუნდშიც. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პატრიარქის გზავნილები „ყურადსაღები და გათვალისწინებული იქნება მუშაობის პროცესში“. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, „პატრიარქის ეს მოწოდება კიდევ უფრო მეტად შეგვძენს იმის უნარს, რომ დავაბალანსოთ ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი და მეორე მხრივ, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით გამკაცრება“. 

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო განაგრძობს კონსულტაციებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ნარკოპოლიტიკა „გახდეს უფრო ეფექტიანი“. მისივე თქმით, ეს პოლიტიკა „უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის“. ნინო ჯავახაძის თანახმად, ამ საკითხზე, მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა მინისტრი განცხადებას გააკეთებს.

საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია  41 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. გარდა ამისა, სახელმწიფო გახდება ვალდებული, გაატაროს ღონისძიებები, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირებას ითვალისწინებს.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დარეგისტრირდა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო მისი განხილვა ჭიანურდებოდა, რასაც დეკემბერში, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტებმა გასული წლის ბოლოს აქციები ვარდების მოედანზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთანაც გამართეს. 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 27 დეკემბერს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, თუმცა კომიტეტის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო შვიდი დეპუტატი მმართველი პარტიიდან. მათი აზრით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უკუეფექტს გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მოხმარების ზრდას. საკომიტეტო მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე,  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის სასარგებლოდ არგუმენტების ნაკლებობაზე განცხადებები  შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ და პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა გააკეთეს.