Site icon Civil.ge

ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს

„აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება საქართველოში, რასაც მისი დაპატიმრება და აზერბაიჯანში გასამართლება მოჰყვა, კვლავაც საფუძვლიან და გამჭირვალე გამოძიებას მოითხოვს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერის, მაია კოჩიანჩიჩის 14 იანვრის განცხადებაში. 

„თავისუფლების აღკვეთის ყველა ის შემთხვევა, რომელიც ძირითადი უფლებების განხორციელებას უკავშირდება, დაუყონებლივ უნდა იქნას გადასინჯული აზერბაიჯანის მიერ, რასაც ყველა შესაბამისი პირის გათავისუფლება უნდა მოყვეს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აზერბაიჯანელ საგამოძიებო ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც გასული წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი, აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული, 12 იანვარს ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის გამჭირვალე გამოძიებისკენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მოუწოდა. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მიერ სავარაუდო გატაცების საქმის გამოძიებას და კვლავაც მოვუწოდებთ „სრული, გამჭვირვალე და დროული” გამოძიების ჩატარებისკენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 იანვრის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური)