საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე 31 იანვარს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა იმ ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რომელსაც 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე დიპლომატებმა 2011 წლის ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისსა და მოსკოვს შორის უთანხმოების საგანი გახდა.
„ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტაციებისა და პოლიტიზების გარეშე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს რუსეთში ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმების პრინციპებსა და არსს“, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პრაღაში საკითხის განხილვისას „პოზიციათა სერიოზული სხვაობა“ გამოიკვეთა და რომ რუსეთი „ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციას უკეთებს შეთანხმების რიგ არსებით დებულებას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამის იმპლემენტაციას“.
ზურაბ აბაშიძემ ამ საკითხზე კომენტარი „რუსთავი 2“-თან საუბრისასაც გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კრემლის ბოლოდროინდელი განცხადებები „ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმების პრინციპებს და არსს“.
„საუბრობენ ე.წ. საბაჟო საზღვრებზე, საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. მოგეხსენებათ ამ შეთანხმებაში არავითარი საბაჟო საზღვრები არ არის დაფიქსირებული. საუბარია სავაჭრო კორიდორებზე და ტერმინალებზე, სადაც უნდა განთავსდნენ“, – განაცხადა აბაშიძემ.
თბილისმა 19 დეკემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას ჟენევაში განთავსებულ კომპანიასთან SGS რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების შესახებ. მოსკოვმა განაცხადა, რომ ისიც მოაწერდა ხელს შეთანხმებას.
კონტრაქტი თბილისსა და მოსკოვს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი ოკუპირებულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.
This post is also available in: English (ინგლისური)