Site icon Civil.ge

რა ნაბიჯებია დაუშვებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში


გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები პარლამენტში, 20 დეკემბერი, 2017. ფოტო: 1tv.ge

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის დავით ბატაშვილის მოსაზრება

ქართული დიპლომატიის ამჟამინდელი პოზიცია რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით მთლიანობაში არის სწორი, პრაგმატული და არსებული რეალობის ამსახველი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ ამბობს, რომ ის, რაც ხდება, არის ორ სახელმწიფოს – საქართველოსა და რუსეთს – შორის არსებული კონფლიქტი, რომლის ფარგლებში რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას. რუსეთის პოლიტიკური მარიონეტები ცხინვალსა და სოხუმში ქართული დიპლომატიის მიერ აღიარებულები არიან საოკუპაციო რეჟიმებად.

ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის ბოლო განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ „ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგის“ საბაბით ეს მიდგომა მალე შეიძლება შეიცვალოს. ასე თუ მოხდა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველო დაუშვებს საკუთარი საერთაშორისო პოზიციების მოშლას ოკუპაციის, რუსული აგრესიის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით. ეს იქნებოდა ისტორიული მნიშვნელობის შეცდომა, უკიდურესად საზიანო შედეგებით, საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის და უსაფრთხოებისთვის.

საფრთხე

2017 წლის 20 დეკემბერს პარლამენტში ვიზიტის დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციასთან შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „კონფლიქტურ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის“ დაწყების განზრახვა გამოაცხადა. წინა ხელისუფლების შემდეგ შემორჩენილ მიდგომას, რომლის ფარგლებში ცხინვალის და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები კონფლიქტის მხარეებად აღიარებულები არ არიან, კვირიკაშვილმა უწოდა „ბორკილები,“ არასასურველი მემკვიდრეობა და „სტერეოტიპების, შეხედულებების და მიდგომების ჩამოყალიბებული სისტემა, რომლის იოტისოდენა დარღვევაც კი ლამის ქვეყნის ღალატად ირაცხება ჩვენი აი ამ ეგრეთწოდებული ოპოზიციის მიერ.“ 

ამასთან ერთად, „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ 2018 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით „მოსკოვს შეუძლია რეალურად შეუწყოს ხელი პირდაპირ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგს.“

საქართველოს მიერ „პირდაპირი დიალოგის“ გამართვა ცხინვალ-სოხუმის მარიონეტულ პოლიტიკურ რეჟიმებთან გაამართლებდა რუსეთის ოფიციალურ პოზიციას და პროპაგანდას, რომ კონფლიქტი არსებობს არა რუსეთსა და საქართველოს, არამედ საქართველოსა და მის ყოფილ რეგიონებს შორის. ამ ხედვის მიხედვით, რუსეთი არის არა კონფლიქტის მხარე, არამედ მხოლოდ გარე მოთამაშე, რომელიც ცდილობს წესრიგის და მშვიდობის დამყარებას.

რუსეთის ფედერაციის ყველა საგარეო აგრესიის დროს სწორედ ამგვარი ნარატივის დამკვიდრებაა რუსული დიპლომატიის მთავარი მიზანი. მოსკოვი დღესაც სწორედ ამას ცდილობს, დაჟინებით და თანმიმდევრულად, როგორც საქართველოს ისე უკრაინის შემთხვევაში. და ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ნარატივის გატანა რუსეთს სჭირდება აგრესიის გზით მოპოვებული შედეგების საიმედოდ და სამუდამოდ შესანარჩუნებლად.

თბილისის „პირდაპირი დიალოგი“ ცხინვალის და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმებთან მათ დაეხმარებოდა საერთაშორისო მოთამაშეების ფაქტობრივი სტატუსის დამკვიდრებაში. ამის მიღწევას ეს რეჟიმები ძალიან აქტიურად ცდილობენ, რუსეთის მხარდაჭერით. მათი წარმომადგენლები იყენებენ ყველა შესაძლებლობას, წავიდნენ და „დაფიქსირდნენ“ საზღვარგარეთ, მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერი სტატუსის შეხვედრასა თუ ღონისძიებაში. ამასაც აქვს იგივე მიზანი, რაც რუსეთის მცდელობას, აღარ ჩაითვალოს კონფლიქტის მხარედ საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ეს მიზანია რუსული აგრესიის ტერიტორიული შედეგების სამუდამო შენარჩუნება და საქართველოსთვის ყველა სამომავლო შანსის წართმევა, აღადგინოს საკუთარი სუვერენიტეტი.


ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა ბოსნიაში შემავალ რესპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტთან მილორად დოდიკთან, 10 იანვარი 2018. ფოტო: www.predsjednikrs.net

თუ ოფიციალური თბილისი გამართავს დიალოგს ცხინვალსა და სოხუმში არსებულ რეჟიმებთან, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ისინი არიან არა რუსეთის მარიონეტები, არამედ ლეგიტიმური მოთამაშეები. შედეგად, საქართველო გაანადგურებს საკუთარ პოზიციას რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ოფიციალური დიალოგი ამ რეჟიმებთან ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ორ რეგიონში არსებობს არა რუსული ოკუპაცია, არამედ ორი დამოუკიდებლად მოქმედი აქტორი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – რომლებიც კონფლიქტის მხარის სტატუსით ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას. ხოლო ის ფაქტი, რომ ამ ორ რეგიონში (თუ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოში?) განლაგებულია ათასობით რუსი ჯარისკაცი, მძიმე შეიარაღებით და მზარდი სამხედრო ინფრასტრუქტურით – უბრალოდ რუსულ-აფხაზური და რუსულ-ოსური მეგობრობის, სიყვარულის და მოკავშირეობის შედეგია.

რუსული ოკუპაცია და თბილისის კონფლიქტი გამოყოფილ რეგიონებთან – ორი ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებული შემთხვევაა გარე დამკვირვებლების და მოთამაშეების თვალში. ოკუპაციას აქვს მხოლოდ ერთი ლეგიტიმური დასასრული: ტერიტორიების გათავისუფლება და დაჩაგრული სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღდგენა. ხოლო ცენტრსა და რეგიონებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ის თუ კონკრეტულად როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა საბოლოო ჯამში – ღია საკითხია.

რა არის საჭირო და რა არის დაუშვებელი

საქართველო აქტიურად უნდა ცდილობდეს კონტაქტების განვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საკუთარ მოსახლეობასთან, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. უფასო სამედიცინო მომსახურების შეთავაზება იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის სწორი პოლიტიკა. საქართველო ხელს უნდა უწყობდეს მათ მიერ განათლების მიღებას საქართველოს ოკუპაციისგან თავისუფალ ნაწილში, და ავითარებდეს მათთან კომუნიკაციის სხვა ფორმებსაც. ამ ადამიანების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირება რუსეთის მიზანია. ჩვენი მიზანია ამ იზოლირების გარღვევა. 

მოქალაქეებზე მიმართული ეს პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს სოხუმის და ცხინვალის პოლიტიკური მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციაში. ეს რეჟიმები წარმოადგენენ ინსტრუმენტს რუსეთის ხელში, საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის პროცესში. მათთან ოფიციალური ურთიერთობის დამყარება, დიალოგის თუ ნებისმიერი სხვა საბაბით, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის უკიდურესად მავნე ნაბიჯი.

სტრატეგიული რეალობა

მწარე და მძიმე სიმართლე არის ის, რომ მანამ ვიდრე რუსეთს შეუძლია და სურს ოკუპაციის გაგრძელება, საქართველოს არაფრით არ ძალუძს რაიმე სერიოზული პროგრესის მიღწევა ოკუპირებულ რეგიონებში. ეს რეალობაა, იმის მიუხედავად რომ ჩვენ ის ძალიან არ მოგვწონს. სამაგიეროდ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია საკუთარი მდგომარეობის დამატებით გაუარესება, თუკი საქართველოს ხელისუფლება დაუშვებს მარიონეტულ რეჟიმებთან ოფიციალურ პირდაპირ დიალოგში შესვლის მსგავს სულელურ შეცდომას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ რაც რუსეთს აღარ შეეძლება ან/და აღარ ენდომება ოკუპაციის გაგრძელება. ის, რომ ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება, არ წარმოადგენს ღირებულ კონტრარგუმენტს, რადგანაც ვერავითარი ჩვენი ქმედება დღეს ამ რეალობას ვერ შეცვლის. „ოკუპაცია“ არ არის ცარიელი ტერმინი – ეს ორი რეგიონი მართლა დაპყრობილია რუსული სამხედრო ძალის მიერ, რომელიც იქ დარჩება იმის მიუხედავად, როგორი იქნება თბილისის დიპლომატიური ტაქტიკა და ვისთან გამართავს ის დიალოგს.

ერთადერთი სწორი და სასარგებლო პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს ამ ვითარებაში, არის ოკუპირებული რეგიონების საკითხში საკუთარი დიპლომატიური, სამართლებრივი და მორალური პოზიციების დაკნინების არდაშვება იმ დრომდე, როდესაც შეცვლილი საგარეო გარემო მისცემს მას სუვერენიტეტის აღდგენის შანსს. ამ პოზიციების შერყევა რუსეთის მარიონეტულ რეჟიმებთან „პირდაპირი დიალოგის“ ლოზუნგით იქნებოდა საქართველოს მომავლის წინაშე დანაშაულის ტოლფასი შეცდომა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს Civil.ge-ის პოზიციას.