Site icon Civil.ge

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. უწყების ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ  8 თებერვალს წარუდგინა.

თემურ კეკელიძე ბოლო თორმეტი წლის მანძილზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის, 2012-2016 წლებში იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2004-2006 წლებში ის ეროვნული უშიშროების საბჭოში, 2001-2003 წლებში კი, თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური 2017 წლის ივლისში გახდა. უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი დათო ნიკოლეიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს „გაურკვეველ ვითარებაში“ მომხდარი საზღვრის კვეთის ფაქტის შემდეგ, რომელიც გასული წლის მაისში, თბილისში მოღვაწე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისათვის გადაცემას უკავშირდება.

This post is also available in: English (ინგლისური)