Site icon Civil.ge

დაბრუნდებიან თუ არა ISIS-ის მებრძოლები საქართველოში?


კადრი ისლამური სახელმწიფოს ქართულენოვანი პროპაგანდისტული ვიდეომასალიდან, 2015.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოდან წასული ათობით მებრძოლი სირიაში მოქმედ ისლამურ სახელმწიფოს და სხვა დაჯგუფებებს შეუერთდა. ექსპერტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ ისლამური სახელმწიფო დაცემის შემდეგ, გადარჩენილი მებრძოლები სავარაუდოდ წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნდებიან. საქართველოსთვის ეს ორმაგ რისკს შეიცვს, რადგან ქვეყანაში შესაძლოა შემოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მებრძოლები, არამედ ჩრდილოეთ კავკასიიდან წასული მებრძოლებიც, რომლებმაც შესაძლოა საქართველო სატრანზიტო მიზნით გამოიყენონ.

21-22 ნოემბერს საქართველოს უშიშროების ძალების მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომლის დროსაც ISIS-ის  წევრი, ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ეჭვმიტანილი იქნა მოკლული, ცხადჰყო, რომ ისლამური სახელმწიფოს ყოფილი მებრძოლების შემოსვლის რისკები რეალურია.

Civil.ge-მ ბენეტ კლიფორდს, ჯოანა პარაშჩუკს და ნილ ჰაუერს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინათ იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწიათ ქართველ მებრძოლებს ისლამური სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, ასევე – შეეფასებინათ, რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ISIS-ის ჩრდილო-კავკასიელი მებრძოლები რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას საქართველოს გავლით შეეცდებიან.

ბენეტ კლიფორდი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსტრემიზმის პროგრამის მკვლევარი

2017 წლის ნოემბრის ოპერაცია თბილისში, რომელიც ახმედ ჩატაევის, მისი ორი თანამებრძოლის და საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომლის დაღუპვით დასრულდა, საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს. პირველი, ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში სურთ დაბრუნება, შესაძლოა საქართველო ტრანზიტისთვის გამოიყენონ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ისინი კვლავ რუსეთში შეუშვან, ეს მებრძოლები შესაძლოა საქართველოში დამკვიდრდნენ და ლოჯისტიკური ქსელები ჩამოაყალიბონ. მეორე საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ მებრძოლების დახმარებაში შესაძლოა ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე საქართველოს მოქალაქეებიც ჩაერთონ.

აქამდე ცოტა შემთხვევა თუ ყოფილა, რომ ერაყსა და სირიაში ჯიჰადისტების მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს შინ დაბრუნება ეცადოთ. უცხოეთში მებრძოლ ქართველი მეომრებს სამშობლოში დასაბრუნებლად არც ისე დიდი სტიმული აქვთ: საქართველო არ წამოადგენს მიმზიდველ სამიზნეს თავდასხმებისთვის; არც ISIS-ს და არც ალ-ქაიდას არ ჰყავს მოქმედი მოკავშირე სტრუქტურა ქვეყანაში, გარდა ამისა, როგორც 2016 წელს დავით ბორჩაშვილის საქმემ აჩვენა, დაპატიმრების შემთხვევაში სასჯელი საკმაოდ მკაცრია. ამიტომაც, ქართველი მებრძოლების უმეტესობა საზღვარგარეთ არჩევს დარჩენას.

უნდა ითქვას, რომ მცირერიცხოვანმა ქართველმა მებრძოლებმა უჩვეულო სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინეს სირიის და ერაყის ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში. მიუხედავად 2017 წლის აგვისტოში გავრცელებული მცდარი ინფორმაციისა, ISIS-ის ცნობილი მებრძოლი, ლევან ტოხოსაშვილი ცოცხალია და თავისუფალია. ISIS-ის არაწევრი ქართველი ჯიჰადისტები, როგორიცაა ჯუნუდ ალ-შამის ყოფილი სამხედრო ლიდერი, მურად მარგოშვილი (იგივე მუსლიმ შიშანი), ასევე აქტიურობენ სირიაში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიის დაშლის შემდეგ, მასთან ასოცირებული რამდენიმე ქართველი ჯიჰადისტი შესაძლოა ავღანეთში გაემგზავრა. მიუხედავად ამისა, ქართველი ჯიჰადისტების უმეტესობა, რომლებიც სირიასა და ერაყში გაემგზავრნენ, სავარაუდოდ იქვე დაიღუპებიან. დღეის მდგომარეობით, სირიის და ერაყის კონფლიქტებში საქართველოს 30 მოქალაქე დაიღუპა.

ჯოანა პარაშჩუკი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც სირიაში რუსულად-მოსაუბრე უცხოელ მებრძოლებს ადევნებს თვალს 

შეუძლებელია იმის შეფასება, ზუსტად რამდენი რუსულად მოსაუბრე ISIS-ის მებრძოლი გადაურჩა ისლამური სახელმწიფოს დაცემას. თითქმის ყველა მათგანი, ვინც მოსულში იყო, ქალაქისთვის ბრძოლის დროს დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაატყვევეს. არ მაქვს სანდო ინფორმაცია იმ გადარჩენილთა შესახებ, რომელთაც მოახერხეს მოსულის დატოვება, თუმცა ზოგიერთმა მართლაც მოახერხა თავის დაღწევა. რუსულად მოსაუბრე მებრძოლების მცირე ჯგუფმა, რომლებიც რაქაში რჩებოდნენ, რა თქმა უნდა, მოახერხა და გადაურჩა ქალაქის დაცემას.

გავიმეორებ, რომ შეუძლებელია ზუსტი რაოდენობის დადგენა, მაგრამ მე თვალს ვადევნებდი რუსულად მოსაუბრე ISIS-ის მებრძოლთა ცხრაკაციან ჯგუფს, რომელთაც მოახერხეს რაქადან სატვირთო მანქანების კონვოით თავის დაღწევა, დაახლოებით 2017 წლის 12 ოქტომბრის პერიოდში. ერთ-ერთი მათგანი დაღესტნელია, რომელიც სტოკჰოლმში 2017 წლის აპრილის ტერიტორისტული თავდასხმის დროს დამნაშავის წაქეზებაში იყო ჩართული. ეს ის რაოდენობაა, რომლებიც შემიძლია დავადასტურო, რომ ამჟამად ცოცხლები არიან – მთლიანი რაოდენობა სავარაუდოდ მეტია, მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია სანდო ინფორმაციის მოპოვება სხვა გადარჩენილების შესახებ. ქალებს შორისაც არიან გადარჩენილები, რომლებიც არ დაუჭერიათ და ისევ ისლამურ სახელმწიფოსთან რჩებიან. ყველა გადარჩენილი მამაკაცი, რომელთაც მე თვალს ვადევნებ, ამჟამად ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სირიის დაირ-ეზ-ზავრის პროვინციაში.

რაც შეეხება ქართველებს, მე მაქვს ინფორმაცია ISIS-ის მხოლოდ ერთი ქართველი მებრძოლის შესახებ, რომელიც რაქას დაცემას გადაურჩა და ეს არის ლევან ტოხოსაშვილი (ალ-ბარა პანკისკი), რომელმაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაქცევა მოახერხა. თუმცა, უცნობია ის კვლავ ცოცხალია, თუ არა, და თუ ცოცხალია, სად იმყოფება ამჟამად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქართველები არ გადარჩნენ. არიან სხვა მებრძოლებიც, რომელთა შესახებაც ისლამური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სანდო ინფორმაცია არ არსებობს, მათ შორის არიან ადამ გუმაშვილი (რომელიც სავარაუდოდ რელიგიური მოსამართლე იყო ბრიგადაში, თუმცა მისი ზუსტი როლი უცნობია) და თამაზ ბათირაშვილი (თარხან ბათირაშვილის ძმა). თუ რაქას დაცემას რომელიმე ქართველი მებრძოლი გადაურჩა, მაშინ მათ სავარაუდოდ სატვირთო მანქანების კონვოით დატოვეს ქალაქი და დაირ-ეზ-ზავრის პროვინციაში ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ. თუმცა ასევე არსებობს იმის შანსი, რომ ზოგიერთები თურქეთში გადავიდნენ იმავე კონტრაბანდული მარშრუტით. გავიმეორებ, რომ მე არ მაქვს სანდო ინფორმაცია ამის დასადასტურებლად. თუ ზოგიერთებმა ეს გააკეთეს, მაშინ ისინი შესაძლოა შეეცადონ საქართველოში შემოსვლას თურქეთის გავლით. ისინი, ვინც ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე რჩებიან, ვერ ახერხებენ თავის დაღწევას.

რა თქმა უნდა, ასევე შესაძლებელია, რომ ISIS-ის ზოგიერთმა ქართველმა და ჩრდილოეთ კავკასიელმა მებრძოლმა რაქას დაცემამდე მოახერხა სირიიდან გაქცევა და თურქეთში ან სხვაგან გამგზავრება. მაგალითად, ახმედ ჩატაევი, რომელიც სირიაში იმყოფებოდა, მოახერხა საქართველოში შემოსვლა, თუმცა უცნობია როდის დატოვა მან სირია. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სულ ცოტა ერთი ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი, რომელიც რაქაში იმყოფებოდა და რომელმაც ქალაქი მის დაცემამდე დატოვა, ეგვიპტეში გაემგზავრა (თუმცა ის სინას ნახევარკუნძულზე ისლამურ სახელმწიფოს არ შეუერთდა და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია). ასევე უცნობია ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული ფრთის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიელების ადგილმდებარეობა; მათგან სულ ცოტა რამდენიმე მაინც გადაურჩა რაქას დაცემას და – ხანმოკლე პაუზის შემდეგ, როდესაც 14 ოქტომბერს ქალაქის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ალ-მაიადინიდან გადავიდნენ, ახლა კვლავ აქტიურობენ. ისინი შესაძლოა დაირ-ეზ-ზავრის პროვინციაში, თურქეთში ან სადმე სხვაგან იმყოფებოდნენ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი, რომელიც რაქას დაცემას გადაურჩა, ისევ შეეცდება რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას, ვინაიდან მათი უმეტესობა საერთაშორისო მასშტაბით, ან რუსეთის მიერ იძებნება და ამიტომაც მათ გაუჭირდებათ შინ დაბრუნება.

ნილ ჰაუერი, დამოუკიდებელი მკვლევარი, რომელიც სირიაში ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლების საკითხზე მუშაობს

სირიაში ქართველი ჯიჰადისტების თემაზე მომუშავე ექსპერტის, ბენეტ კლიფორდის ერთ-ერთი ბოლო ნაშრომის თანახმად, რამდენიმე საშუალო დონის მეთაური კვლავ მოქმედებს სირიის ჩრდილო-დასავლეთით არსებულ დამოუკიდებელ ჯგუფებთან, ნაწილი კი – ისლამურ სახელმწიფოსთან. ყველაზე ცნობილ პირებს შორის, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ, არიან მურად მარგოშვილი (ასევე ცნობილი, როგორც მუსლიმ აბუ ვალიდ ალ-შიშანი), ქისტი დუისიდან, რომელიც ჯუნუდ ალ-შამის დაჯგუფების ნაწილს მეთაურობს (სავარაუდოდ, კვლავ ცოცხალია, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს); აბუ მუსა შიშანი, ქისტი ანსარ ას-შამის დაჯგუფებიდან (სავარაუდოდ კვლავ ცოცხალია); და აბუ ბაქრ შიშანი, ქისტი აჯნად ალ-კავკაზის დაჯგუფებიდან (სავარაუდოდ კვლავ ცოცხალია). ამ დაჯგუფებებიდან აჯნად ალ-კავკაზი უმსხვილესი და ყველაზე აქტიურია და ის დაახლოებით 200 მებრძოლს აერთიანებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქისტი სირიაში, ფეიზულა მარგოშვვილი (ასევე ცნობილი, როგორც სალაჰუდინ შიშანი) სირიის ჩრდილო-დასავლეთით 2017 წლის დეკემბერში მოკლეს.

ისლამური სახელმწიფოს ორი საშუალო დონის ქისტი მეთაური, სავარაუდოდ, კვლავ ცოცხალია. ერთ-ერთი მათგანია თამაზ ცათიაშვილი (აბუ აბდურახმან შიშანი), ISIS-ის საიდუმლო პოლიციის უფროსი, მისი რუსულად მოსაუბრე მებრძოლებისთვის. მეორე კი ლევან ტოხოსაშვილია, ISIS-ის ვილაიათ გურჯისტანის დაჯგუფების უფროსი. ორივე მათგანი შესაძლოა დაღუპულიყო, მაგრამ ინფორმაცია ამის თაობაზე არ გავრცელებულა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქართველმა მებრძოლმა შესაძლოა სცადოს საქართველოში დაბრუნება, მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, თურქეთში დასახლდება. იქ უკვე არსებობს რუსულად მოსაუბრე კავკასიელი მებრძოლების მსხვილი თემები, რომელთა რიგებშიც ისინი გაწევრიანებას შეძლებენ. რამდენიმე მათგანი შესაძლოა საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ ალბათ ეცდებიან, რომ სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდნენ და აღარ გააგრძელონ სამხედრო საქმიანობა.

სხვა საკითხია ის მებრძოლები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს გავლით ბრუნდებიან. ახმედ ჩატაევის ნოემბრის ინციდენტმა ისანში აჩვენა, რომ ისეთ გახმაურებულ და ცნობად მებრძოლებსაც კი, როგორიც ჩატაევია, შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. რამდენიმე ყოფილი მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნდა, თუმცა ამას ჯერ რაიმე გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, ჩეჩენმა მებრძოლებმა შესაძლოა საქართველოს გავლით სცადონ დაბრუნება, როგორც ეს 2012 წელს ლოპოტას (ლაფანყურის) ინციდენტის დროს მოხდა. კონფლიქტის შედეგად ძალადობრივი სიკვდილის მაჩვენებელი ჩეჩნეთში 2017 წელს 75%-ით გაიზარდა (2016 წელთან შედარებით) და მართალია, მებრძოლებისთვის ჩეჩნეთში შესვლა ან მოქმედებების წარმოება ჯერ კიდევ ძალიან რთულია, ვფიქრობ, ზოგიერთი ამას მაინც შეეცდება.