Site icon Civil.ge

კობახიძე შიდაპარტიულ დავაზე საუბრობს და პარტიული დისციპლინის დარღვევის წინააღმდეგ აფრთხილებს


ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ესაუბრება, 12 აპრილი, 2018. ფოტო: parliament.ge

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველ პარტიაში მიმდინარე დავაზე კომენტარი გააკეთა, პარტიული დისციპლინის დარღვევის წინააღმდეგ გააფრთხილა და ქართული ოცნების მმართველ ორგანოებში ცვლილებები დააანონსა.

12 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „არის გუნდში რამდენიმე წევრი, რომელმაც დაუშვა შეცდომები“, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო სულისკვეთება უმრავლესობაში პოზიტიურია. „არის უამრავი დეპუტატი, 100-ზე მეტი დეპუტატი, უფრო მეტიც, რომელიც სწორად აკვირდება და აფასებს მოვლენებს“, – განაცხადა მან. 

„არის, კიდევ ერთხელ, გარკვეული შეცდომები, თუმცა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ამ ადამიანებთანაც დალაგდეს ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ. ამისთვის კი, მისი თქმით, „შესაბამისი წინაპირობებია“ საჭირო.

„პირობები გვექნება ჩვენ, როდესაც განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან, ასეთი პირობების საფუძველზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა თითოეულ დეპუტატთან.“, – განაცხადა კობახიძემ. „პირობებს რაც შეეხება, მარტივია, დაირღვა დისციპლინა, მაგალითად შეურაცხყოფის მიყენება თანაგუნდელისთვის არის ერთ-ერთი გამოვლინება დისციპლინის დარღვევის და ამ შემთხვევაში ეს უნდა განხილული იქნეს და უნდა შეფასდეს“.

„თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, ამ შემთხვევაში გაგრძელდება შესაბამისი პროცესები“, – განაცხადა კობახიძემ, რომელსაც სავარაუდოდ პარტიიდან გარიცხვის პროცედურები ჰქონდა მხედველობაში. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ მიზანი არა დეპუტატების განსჯა, არამედ მომავალში ანალოგიური ინციდენტების გამეორების აღკვეთაა. 

ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე უმრავლესობა შეთანხმდა, რომ „გაიწერება კონკრეტული წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც“. „ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში, ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში“, – აღნიშნა მან.  

ირაკლი კობახიძე, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანია, პარტიის მომავალ ყრილობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ცვლილებები შევა სარევიზიო კომისიასა და პოლიტსაბჭოში. თუმცა, მან არ დააკონკრეტა შეეხება თუ არა ეს ცვლილებები გედევან ფოფხაძეს, რომელიც 21-წევრიანი პოლიტსაბჭოს წევრია.

ამ საკითხზე დღეს მედიასთან კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად უმრავლესობის დაშლას "კატეგორიულად" გამორიცხავს. 

 „იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობებიც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, „ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში გარეთ არ გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ, არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას, ნუ გააკეთებენ ამას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა მარტო ქართული ოცნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ეს სტაბილურობა არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი და მას საქართველოში ვერაფერი დაემუქრება“.

This post is also available in: English (ინგლისური)