ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა თბილისში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. ძლიერმა წვიმამ, რომელიც დედაქალაქში 12 მაისს, დაახლოებით, 22:00 საათზე დაიწყო, ორთაჭალაში მდებარე პატარა ქუჩაზე ღვარცოფი გამოიწვია, რის შედეგადაც მოვარდნილმა ნიაღვარმა მაღლობიდან გულიას მოედნისკენ რამდენიმე მანქანა გაიტაცა. წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე სხვა უბანშიც დატბორა ქუჩები, თუმცა ყველაზე მეტად ორთაჭალა დაზარალდა.