საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და დაახლოებით, 100 ჰექტარზეა გადაჭიმული (ჩრდილოეთით სოლოლაკის ქედს და ნარიყალას ციხეს, ხოლო სამხრეთით თაბორის მთას შორის) აპრილის ბოლოდან ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც მისი ტერიტორიის ნაწილი გაიცვალა, შემდეგ კი თბილისის მერიამ ბაღის მოსაზღვრე ტერიტორია გაყიდა. ორივე გარიგებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ორგანიზაციები ფიგურირებენ. ნაციონალური მოძრაობა პირველი იყო, რომელმაც ამ საკითხის ირგვლივ აპრილის ბოლოს ხმაური ატეხა და ივანიშვილი მიწის მიტაცებაში დაადანაშაულა. თბილისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მან ბოტანიკური ბაღის მთიანი მიწის ნაკვეთის 4 ჰექტარი, რომელიც გამოუსადეგარი იყო, იგივე ფართობის იმ მიწაში გაცვალა, რომელიც უკეთ ემსახურება ბოტანიკური ბაღის ინტერესებს და სადაც უკვე არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საირიგაციო სისტემა. თაბორის ქედზე მდებარე ეს ნაკვეთი იმ 10 ჰექტარში შედიოდა, რომელიც ბოტანიკურ ბაღს მანამ ეკუთვნოდა, სანამ მას ივანიშვილთან ასოცირებული კომპანია იყიდიდა 2007 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო. გარემოსდამცველების განცხადებით, მიწის ნაკვეთის გაცვლის პროცესი გამჭირვალე არ ყოფილა და საზოგადოების წინასწარი ინფორმირების გარეშე განხორციელდა. მათ ასევე მიანიშნეს შესაძლო სამართლებრივ პრობლემებზეც, რაც ბოტანიკური ბაღის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს უკავშირდება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გაცვლილი მიწის ნაკვეთი არ შედიოდა იმ საზღვრებში, რომელშიც ბაღი ამ სტატუსს ატარებს. ამას გარდა, თბილისის მერიამ 3 მაისს აუქციონზე გამოიტანა 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც ბოტანიკური ბაღის შემადგენლობაში არ შედის, თუმცა ბაღს სამხრეთით ესაზღვრება. ივანიშვილთან ასოცირებული საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო, რომელმაც მიწა 6.32 მილიონ ლარად შეიძინა სასტუმროს და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით. გარემოს დამცველი ორგანიზაციები ამ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. მათი თქმით, ეს პროექტი იმ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია, რომლებიც თბილისის ისტორიული იერსახის დამახინჯებას გამოიწვევს და რომელთა შორისაა პანორამა თბილისის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ივანიშვილთან ასოცირებული თანაინვესტირების ფონდი სოლოლაკის მთაზე გეგმავს, ყოფილი პრემიერის რეზიდენციის მახლობლად, რომელიც ბოტანიკურ ბაღს გადაყურებს.