აქტივისტების მცირე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს ზეწოლა თბილისის ხელისუფლებაზე და 17 აგვისტოდან თბილისის მერიის წინ ოცდაოთხსაათიან საპროტესტო აქციას მართავს მოთხოვნით, რომ გატარდეს ინსტიტუციური რეფორმები მწვანე საფარის შენარჩუნებისა და განვითარების პოლიტიკის განხორციელების მიზნით. საპროტესტო აქცია, რომელსაც პარტიზანული მებაღეობა უძღვება, მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 აგვისტოს დაახლოებით 40 ხე მოიჭრა ყაზბეგის ქუჩაძე, სადაც ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაა დაგეგმილი. აქტივისტები აცხადებენ, რომ ჯანმრთელი ხეები მოიჭრა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ საქალაქო სამსახურის რეფორმირებას. პროკურატურამ ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის კანონიერების დასადგენად გამოძიება დაიწყო. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე, განაცხადა, რომ იგი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გაათავისუფლოს თუ არა ნინო სულხანიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა, მერს ახალი რეგულაციების შემოღებამდე ხეების მოჭრაზე დედაქალაქში „მორატორიუმის“ დადება მოუწია. ნარმანიამ, რომლის ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება 2014 წელს თბილისის მერად კენჭისყრის დროს ერთი მილიონი ხის დარგვა იყო, ასევე პირობა დადო, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეფორმირებას განახორციელებს. აქტივისტებმა თბილისის მერიის წინ 31 აგვისტოს პატარა კარავი აღმართეს მას შემდეგ, რაც მერიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიას არ აქვს უფლება, რომ მომიტინგეებს კარვის აღმართვის საშუალება არ მისცეს.