ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, რომელიც შიდა პარტიული განხეთქილების შემდეგ თბილისში 7 ათასზე მეტი დელეგატის მონაწილეობით 20 იანვარს გაიმართა, განახლებული პოლიტიკური საბჭო იქნა არჩეული. ყრილობაზე გადაწყდა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური იქნება მანამ, სანამ მის დამფუძნებელს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც პირდაპირი ჩართვით ორჯერ მიმართა ყრილობის მონაწილეებს, არ მიეცემა საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის საშუალება.