დეპუტატებმა პატრიოტთა ალიანსის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყეს, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა“ და „რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვისთვის“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა გასულ თვეს წარადგინა, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 24 აპრილს განიხილა და გადაწყვიტა, რომ კანონპროექტზე შემდგომი მუშაობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეექმნა.
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, „რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, – ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე“.
ამავე კანონპროექტის თანახმად, „რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება – ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე“.
კანონპროექტი პარლამენტს 26 მარტს წარედგინა, ექვს დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს საპატრიარქომ დაგმო „მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები“, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას სიუჟეტი, რომელიც „თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა“.
საპატრიარქომ ასევე დაგმო კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის „უზნეო თავგასულობა“, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა წმინდანებისა და „ვეფხისტყაოსნის“ ციტატების პრეზერვატივებზე დახატვის ფაქტები.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი: მხარდაჭერა პრინციპების დონეზე
საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი რელიგიური გრძნობების და სიმბოლოების შეურაცხყფობაზე რეაგირებაა. მისი თქმით, ქვეყანაში ხშირია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და განსაკუთრებით ხშირად ეს მართლმადიდებელი ქრისტიანების და პატრიარქის წინააღმდეგ ხდება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი სოფიო კილაძემ დაეთანხმა მას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა მართლაც გახშირდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ არ ხდება.
„ბოლო დროს მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არასათანადო ფორმით მოხდა. ეს იყო ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ადამიანების მოსაზრებას და ვუერთდები მათ“, – განაცხადა კილაძემ. „ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობისა, პატივისცემისა და სიყვარულის მაგალითი, მათ შორის სხვადასხვა სარწმუნოებიბის მიმართ“.
მან განაცხადა, რომ საქართველო სამაგალითოა რელიგიური შემწყნარებლობით და პატივისცემით, თუმცა რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთის შეურაცხყოფა მიუღებელია. მან იქვე დასძინა, რომ ამ საკითხის დარეგულირებაა საჭირო.
საკომიტეტო მოსმენის შეჯამებისას კილაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები „პრინციპების დონეზე“ ემხრობოდნენ კანონპროექტს, თუმცა დასძინა, რომ მას იმ დღესვე არ უყრიდნენ კენჭს, რადგანაც მისი დამატებითი განხილვაა საჭირო. ამ მიზნით, იგი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც საპატრიარქოს და სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები შევიდოდნენ.
კანონპროექტზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგი მზად არის ჩაერთოს მსჯელობაში. „მთავარია კარგად დამუშავდეს ეს საკითხი და ამის საფუძველზე მეც ვარ მზად, რომ ჩავერთო დისკუსიებში“, – განაცხადა მან.
სამოქალაქო საზოგადოების რეაგირება
არასამთავრობო ორგანიზაციების ორმა ჯგუფმა კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა და მოუწოდა პარლამენტს, რომ არ დაუჭიროს მხარი მას.
„ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას“, – ნათქვამია კოალიცია „არა-ფობიას“ მიერ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთმა ჯგუფმა – „კოალიციამ თანასწორობისთვის“ ასევე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა პარლამენტს, რომ „დაიცვას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები და არ დაუშვას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუარესება“.
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ამ ინციატივის პრინციპული მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების იგნორირება და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის ღია გამოხატვის კიდევ ერთი მცდელობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
2014 წლის ნოემბერში ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 83.4%–ს – 3 მილიონ ადამიანზე მეტი – მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენენ. მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია 398 700 ადამიანი – მოსახლეობის 10.7%; სომხური-სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 109 000 ადამიანი (2.9%); კათოლიკეები – 19 200 (0.5%). კატეგორიაში „არცერთი“ – 19 100 ადამიანი შევიდა, ხოლო 43 900 პირმა ან უარი თქვა პასუხზე, ან არ მიუთითა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)