Site icon Civil.ge

ცხინვალი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს აწესებს

ანატოლი ბიბილოვი რეგიონის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 27 აპრილი, 2018. ფოტო: presidentruo.org

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობისთვის ახალი შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს.

შეზღუდვების შესახებ განცხადება ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა, რომელიც 27 აპრილს ახალგორს სტუმრობდა, სადაც მან ოკუპირებული რეგიონის მინისტრების და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო სხდომა გამართა.

რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ახალგორში, რომელიც 2008 წლამდე მთლიანად ცენტრალური მთავრობის იურისდიქციას ექვემდებარებოდა, 4 209 ადამიანი ცხოვრობს (ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი).

მთლიანი მოსახლეობის 55.5% (2 337 ადამიანი) ეთნიკური ქართველია. ახალგორის რაიონის ბევრი მაცხოვრებელი პერიოდულად კვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს დევნილთა იმ დასახელებებიდან, რომლებიც თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

შეზღუდვები ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის

ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა შეხვედრაზე, რომ ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეზღუდებათ რეგიონის დატოვების და თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება.

„ზოგიერთ ადამიანს საიდუმლო ინფორმაციაზე აქვს წვდომა და როგორც სხვა ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, ამ ადამიანებს არ უნდა მიეცეთ უფლება, რომ შესაბამისი ნებართვის გარეშე დატოვონ რესპუბლიკა“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

„უნდა შეამოწმოთ ეს ადამიანები, ვინ მიდის, რატომ მიდის და რატომ მიდის ნებართვის გარეშე“, – განაცხადა მან და დაავალა ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომ საკითხი განყოფილებების უფროსების, კონსულტანტების და მთავარი სპეციალისტების დონეზე მოაგვარონ.

„ამ ადამიანებთან უნდა იმუშავოთ, უნდა აუხსნათ მათ, რომ თუ ისევ ასე გააგრძელებენ, მოგვიწევს მათი სამსახურიდან დათხოვნა“, – მიმართა ბიბილოვმა შეხვედრის მონაწილეებს.

პასპორტები მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის

ცხინვალის ლიდერი პასპორტიზაციის პროცესსაც შეეხო და რაიონული და სოფლის ადმინისტრაციების უფროსებს სთხოვა, რომ ინფორმაცია შეაგროვონ ახალგორის იმ მაცხოვრებლების შესახებ, რომლებიც „გადიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან [თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე] და რომლებიც არ ტოვებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“.

„საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ მათ, ვინც არ ტოვებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, მიიღონ პასპორტები… ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ პასპორტიზაციის საკითხი, რადგანაც ზოგიერთი ადამიანი არასწორედ ექცევა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას; არ უნდა იზარალონ იმ ადამიანებმა, ვინც აქ ცხოვრობს და საკუთარ მომავალს აქ ხედავს“, – განაცხადა მან.

ეს განცხადება ბიბილოვმა რეგიონის უშიშროების სამსახურის უფროსის, მიხაილ შაბანოვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ახალგორთან მიმართებაში „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისთვის“ ძირის გამოთხრაა „[მოქალაქეობის] სრული ლეგალიზაციის  და მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით რაონის [ეთნიკური] ქართული მოსახლეობის სურვილების საიდუმლოდ წახალისების“ გზით.

შეზღუდვები პირუტყვის გადაადგილებაზე

ცხინვალის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აღარ იქნება დაშვებული პირუტყვის სეზონური გადაადგილება ახალგორიდან ზამთრის საძოვრებზე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ჩვენ ბევრი დრო, ძალისხმევა და ენერგია, ხანგრძლივი მოლაპარაკებები დაგვჭირდა, რათა ჩვენი ხორცპროდუქტები რუსეთის ფედერაციაში დაეშვათ… და ამას საფრთხეს ვერ შევუქმნით, რადგანაც ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირუტყვი საქართველოდან დაავადებებით დაბრუნებულა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

„პირუტყვი, დიდწილად, არ ეკუთვნის სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს, არამედ ქართველებს ეკუთვნის, რომლებიც უთანხმდებიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ჩვენს საძოვრებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ“, – დასძინა ბიბილოვმა.

ტატუნაშვილის გარდაცვალება ‘პოლიტიზირებულია’

ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის მკვიდრის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება „პოლიტიზირებული“ იყო და რომ ცხინვალი „საინფორმაციო ომის მსხვერპლი გახდა“, რომელიც „რესპუბლიკაში მცხოვრებ ოსებსა და ქართველებს შორის შუღლის“ გაღვივებას ისახავდა მიზნად.

„სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მეგობრული ურთიერთობები არც საქართველოს, არც ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა დასავლური ქვეყნების ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ცხინვალის ლიდერმა.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ ცხინვალს არაფერი აქვს საერთო ტატუნაშვილის დაღუპვასთან. „რა აზრი აქვს იმ ადამიანის მოკვლას, რომელიც ინფორმაციის წყაროა; ეს ტრაგიკული მოვლენაა, რომელიც შესაძლოა ყველგან მოხდეს“.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის ქმედებები ტატუნაშვილის დაღუპვის შემდეგ სწორი იყო. „რატომ არ არის ჯერ კიდევ [თბილისის] ექსპერტიზის შედეგები? იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ჩვენ მართლები ვიყავით და რომ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ექსპერტიზას ვერ შეედავებიან“, – განაცხადა მან.

მოგვიანებით 27 აპრილს რეგიონის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ანატოლი ბიბილოვმა ახალგორთან დაკავშირებული „რიგი პრობლემატური საკითხები“ განიხილა, თუმცა შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)